ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.2%-მდე დაჩქარდა წინა 3 თვის შენელებული ზრდის შემდეგ, რაც თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან. ოქტომბერში ზრდა დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის და ტრანსპორტის დარგებში. ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის და ურავი ქონების დარგებში. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.9%-ით გაიზარდა, რაც ასევე თანხვედრაშია ჩვენს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის 6.8%-იან პროგნოზთან. რაც შეეხება 2024 წელს, ჩვენი პროგნოზით რეალური მშპ-ის ზრდა 5.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).
მონეტარული პოლიტიკა: 2023 წლის 29 ნოემბერს გაიმართა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებით უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს უცხოურ ვალუტაში დამატებითი ლიკვიდობა მიეწოდება, რაც ეკონომიკაზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს. ჩვენი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ლარის მხარდამჭერიცაა. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის ტრაექტორიაზე ვინარჩუნებთ ჩვენს წინა პროგნოზს და დეკემბრის ბოლო სხდომაზე ველოდებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-მდე შემცირებას, ხოლო დამატებით 100 საბაზისო პუნქტით 8.75%-მდე შემცირებას 2024 წლის ბოლოს.
საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 15.9%-ით გაიზარდა 2023 წლის ოქტომბერში წინა თვის 13.7%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 50.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ოქტომბერში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 16.1% შეადგინა (+14.9% სექტემბერში). სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდა 19.3%-მდე დაჩქარდა (+16.9% სექტემბერში), ხოლო საცალო დაკრედიტება წლიურად 13.4%-ით გაიზარდა (+13.3% სექტემბერში); ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელი წლიურად 9.9%-ით გაიზარდა (+10.0% სექტემბერში). 2023 წლის ოქტომბერში სესხების დოლარიზაციამ 45.2% შეადგინა (+0.40პპ წ/წ და +0.21პპ თ/თ).
2023 წლის ოქტომბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 18.7%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 49.8 მლრდ ლარამდე. ვალუტების მიხედვით, ოქტომბერში ლარის დეპოზიტები წლიურად 36.9%-ით (+35.8% სექტემბერში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა (+7.5% სექტემბერში). შედეგად, ოქტომბერში დეპოზიტების დოლარიზაციამ 50.3% შეადგინა (-6.95პპ წ/წ და +0.15პპ თ/თ).