ხელფასი: საქსტატის მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 1,855 ლარი შეადგინა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 17.1%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, რეალური ხელფასი 15.6%-ით გაიზარდა ინფლაციის სწრაფად შემცირების გამო. 
სექტორების მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (3,958 ლარი, +18.8% წ/წ), მშენებლობა (3,033 ლარი, +31.6% წ/წ), ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (2,807 ლარი, +13.4% წ/წ), პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობა (2,616 ლარი, +17.3% წ/წ) და სახელმწიფო მმართველობა (2,099 ლარი, +17.4% წ/წ). 
2023 წლის II კვარტალში, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება განათლების (1,039 ლარი, +12.9% წ/წ), წყალმომარაგების (1,150 ლარი, +17.5% წ/წ), სოფლის მეურნეობის (1,234 ლარი, +7.6% წ/წ) და სასტუმროები და რესტორნების (1,413 ლარი, +14.9% წ/წ) დარგებში. 

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 1.8%-ით შემცირდა და 482.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 10.3%-იანი ზრდის შემდეგ. ასევე, იმპორტიც წლიურად 6.6%-ით შემცირდა 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 4.8%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 9.5%-ით შემცირდა და 742.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 20.0%-ით გაიზარდა და 8.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა 5.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 16.3%-ით გაიზარდა და 14.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 43.8%-ით შემცირდა (თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან) და 292.7 მლნ აშშ დოლარი შედგინა, რაც იხსნება გასული წლის მაღალი ბაზით და გზავნილების ნორმალიზებით რუსეთიდან. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები შემცირდა რუსეთიდან (-76.2% წ/წ, +22.0% თ/თ, მთლიანის 25.7%) და თურქეთიდან  (-9.8% წ/წ). თუმცა, წინა თვეების მსგავსად, გზავნილები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია (+19.7%), აშშ (+41.6%), გერმანია (+32.2%), საბერძნეთი (+7.8%), ისრაელი (+8.1% წ/წ) და ყაზახეთი (+71.3%). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 0.6%-ით შემცირდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.