მონეტარული პოლიტიკა: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 9.5%-მდე შეამცირა. სებ-ის მიხედვით, საქართველოში წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და ნოემბერში 0.1% შეადგინა. ამასთან, საბაზო ინფლაციამაც შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და 1.8%-ს გაუტოლდა. ამავდროულად, ადგილობრივი ინფლაცია თანდათანობით დაუახლოვდა მიზნობრივ 3.0%-იან ინფლაციას და ნოემბერში 3.8% შეადგინა. ინფლაციის შემცირება როგორც საგარეო, ისე ადგილობრივმა ფაქტორებმა განაპირობა, აღნიშნავს რეგულატორი. სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში მასთან ახლოს შენარჩუნდება. სებ-ი ბაზარს აძლევს სიგნალს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და მისი ნორმალიზება მხოლოდ ნელი ტემპით გაგრძელდება ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.

ეკონომიკური ზრდა: საქსტატის მიხედვით 2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 5.7%-ით გაიზარდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. სექტორულ ჭრილში, ეკონომიკურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ვაჭრობა (+8.1% წ/წ), სახელმწიფო მმართველობა (+13.3% წ/წ), მშენებლობა (+8.5% წ/წ), საფინანსო საქმიანობა (+13.7% წ/წ), განათლება (+13.6% წ/წ), პროფესიული საქმიანობა (+17.6% წ/წ) და სოფლის მეურნეობა (+4.3% წ/წ). ამასთან, კლება დაფიქსირდა ჯანდაცვის (-7.5% წ/წ) და უძრავი ქონების (-1.0% წ/წ) დარგებში. 
საქსტატის ოქტომბრის 6.2%-იანი ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების გათვალისწინებით, 2023 წლის პირველ 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.0%-ით გაიზარდა. ამასთან, ჩვენ 2023 წელს 6.8%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ. 2024 წელს, ჩვენი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება საბაზისო სცენარით, ხოლო 6.0%-ით ოპტიმისტური სცენარით, იხილეთ მეტი აქ.

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 1.8%-ით შემცირდა და 482.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 10.3%-იანი ზრდის შემდეგ. ასევე, იმპორტიც წლიურად 7.6%-ით შემცირდა 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 4.8%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.1%-ით შემცირდა და 729.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წლის ნოემბერში მანქანები (+81.8% წ/წ), ალკოჰოლური სასმელები (+74.5% წ/წ), ღვინო (-27.4% წ/წ), სპილენძი (-76.5% წ/წ) და თხილი (-10.9% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 11.8% ევროკავშირზე მოდიოდა (-31.7% წ/წ), 69.2% დსთ-ზე (+25.5% წ/წ) და 19.0% სხვა ქვეყნებზე (-35.3% წ/წ). 
2023 წლის ნოემბერში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-8.5% წ/წ), ნავთობი (+24.9% წ/წ), მედიკამენტები (+39.7% წ/წ), გაზი (-33.1% წ/წ) და ტელეფონები (-6.1% წ/წ). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 19.8%-ით გაიზარდა და 8.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი   11.1%-ით გაიზარდა 5.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 16.1%-ით გაიზარდა და 14.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 0.2%-ით შემცირდა 2023 წლის ნოემბერში, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა. ფასების თვიურ ზრდაზე ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი (+1.0%) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (+3.5%) სექციაში.