უმუშევრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6%-მდე შემცირდა წინა კვარტალში დაფიქსირებული 16.7%-ის შემდეგ. ეს შემცირება ძირითადად მაღალი ეკონომიკური აქტივობით იხსნება, განსაკუთრებით სამუშაო ძალის მეტი ჩართულობით სეზონურ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა (+3.2% წ/წ) და მთლიანი დასაქმების 69.0% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების კვარტალური ზრდა 3.1% იყო (-4.8% წ/წ), რაც მთლიანი დასაქმების 31.0%-ია. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეს გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება და 2023 წლის მე-3 კვარტალში 53.6% შეადგინა, რაც გაზრდილია წინა კვარტლის 53.2%-დან და აღემატება ასევე პამდემიამდელ დონეს. ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 16.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2023 წლისთვის, რაც გაუმჯობესებაა 2022 წლის 17.3%-ის დონიდან.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 0.8%-ით შემცირდა 2023 წლის ოქტომბერში, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა. ფასების თვიურ ზრდაზე ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის (+1.8%) და ელექტროენერგიის მიწოდების (+4.2%) სექციაში. მწარმოებელთა ფასების აღნიშნული ტრენდი სავარაუდოდ სამომხმარებლო ფასებსაც გადაეცემა მომდევნო თვეებში.
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი 10.3%-მდე დაჩქარდა და 494.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 0.9%-იანი ზრდის შემდეგ. იმპორტის წლიური ზრდა 3.3%-მდე შენელდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.1%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 0.9%-ით შემცირდა და 748.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის თებერვლის შემდეგ პირველი შემცირებაა.
2023 წლის ოქტომბერში მანქანები (+176.8% წ/წ), ღვინო (-13.6% წ/წ), ალკოჰოლური სასმელები (+47.6% წ/წ), მედიკამენტები (+5.6% წ/წ) და თხილი (-8.8% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 9.5% ევროკავშირზე მოდიოდა (-55.2% წ/წ), 72.6% დსთ-ზე (+57.2% წ/წ) და 17.9% სხვა ქვეყნებზე (-23.3% წ/წ).
2023 წლის ოქტომბერში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-1.5% წ/წ), ნავთობი (-1.0% წ/წ), მედიკამენტები (+57.3% წ/წ), გაზი (+24.8% წ/წ) და ტელეფონები (+0.2% წ/წ). ამასთან, აგრეგირებულ დონეზე აღსანიშნავია კაპიტალური საქონლის იმპორტის ზრდა 2021 წლის მარტიდან მოყოლებული, რაც პოზიტიურია მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში კაპიტალური საქონლის იმპორტი წლიურად 21.8%-ით გაიზარდა.
ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 21.7%-ით გაიზარდა და 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 12.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.