საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი 10.4%-მდე დაჩქარდა და 495.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 0.9%-იანი ზრდის შემდეგ. იმპორტის წლიური ზრდა 3.3%-მდე შენელდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.1%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 0.9%-ით შემცირდა და 747.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის თებერვლის შემდეგ პირველი შემცირებაა.
ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 21.7%-ით გაიზარდა და 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 12.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 43.6%-ით შემცირდა და 283.0 მლნ აშშ დოლარი შედგინა, რაც იხსნება გასული წლის მაღალი ბაზით და გზავნილების ნორმალიზებით რუსეთიდან. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები შემცირდა რუსეთიდან (-79.4% წ/წ, +3.8% თ/თ, მთლიანის 21.8%) და თურქეთიდან (-5.5% წ/წ). თუმცა, ამავდროულად, გზავნილები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია (+19.2%), აშშ (+39.2%), საბერძნეთი (+11.0%), გერმანია (+31.1%), ისრაელი (+4.4% წ/წ) და ყაზახეთი (+97.6%). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 6.2%-ით გაიზარდა და 3.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ეკონომიკური ზრდა: საქსტატის საბოლოო შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა (წინასწარი მაჩვენებელი 10.1%-ი იყო). ამასთან, ნომინალური მშპ წლიურად 20.4%-ით გაიზარდა და 72.3 მლრდ ლარი შეადგინა (24.8 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6,676 აშშ დოლარს (+32.9% წ/წ) გაუტოლდა 2022 წელს.
სექტორულ ჭრილში, ეკონომიკურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს IT მომსახურეობის (+59.1% წ/წ), ვაჭრობის (+10.8% წ/წ), ტრანსპორტის (+24.7% წ/წ), მშენებლობის (+16.5% წ/წ) და დამამუშავებელი მრეწველობის (+10.5% წ/წ) დარგებმა, ხოლო კლება დაფიქსირდა ჯანდაცვისა (-16.3% წ/წ) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების (-3.7% წ/წ) დარგებში. 

გარდა ამისა, საქსტატმა 2023 წლის იანვარ-ივნისის რეალური მშპ-ის მაჩვენებელი ზრდის მიმართულებით 7.9%-მდე დააკორექტირა, არსებული 7.6%-დან. ამის გათვალსიწინებით 2023 წლის იანვარ-სექტემბერში რეალური მშპ წლიურად 7.0%-ით გაიზარდა. 
ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით, ხოლო 2024 წელს 5.0%-ით გაიზრდება.