ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, რაც თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან. ჯამურად, 2023 წლის პირველ 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.0%-ით გაიზარდა. აგვისტოში ზრდა დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობის, მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის და ვაჭრობის დარგებში. ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტის და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში. ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება 2023 წელს.
მიმდინარე ანგარიში: სებ-ის მიხედვით, 2Q23-ში მიმდინარე ანგარიში დეფიციტი მშპ-ის 4.9%-მდე გაიზარდა 2Q22-ის 4.6%-იანი დონიდან. გაუარესება ძირითადად შემოსავლის უარყოფითი ბალანსის ზრდამ განაპირობა, რადგან ადგილი ჰქონდა რეინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას. საქონლით ვაჭრობის უარყოფით ბალანსი წლიურად 13.0%-ით გაიზარდა 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან საქონლის ექსპორტი 15.3%-ით, ხოლო იმპორტი 14.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია მომსახურების პოზიტიური ბალანსის მნიშვნელოვანი, 49.4%-იანი წლიური ზრდა 2Q23-ში, რაზეც პოზიტიური გავლენა ჰქონდა კომპიუტერული & საინფორმაციო მომსახურების და ტურიზმის სექტორს. წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მე-2 კვარტალშიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენდა (მშპ-ის 6.3%). ამასთან, აღსანიშნავია რომ სებ-მა ზრდის მიმართულებით დააკორექტირა 1Q23-სა და 2022 წლის დეფიციტის მაჩვენებლები, რაც მშპ-ის 5.9%-მდე (1Q23-ის პირველადი შეფასება იყო 3.2%) და 4.6%-მდე (წინა შეფასება 4.0%) გაიზარდა.
ჯამურად, 1H23-ში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 5.3% შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში შემცირებაა (8.6% იყო 1H22-ში). სებ-ის მიერ განახლებული მონაცემების გათვალისწინებით, ჩვენ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს ვპროგნოზირებთ მშპ-ს 4.5%-ზე (წინა პროგნოზი 3.8%).
საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 11.1%-ით გაიზარდა 2023 წლის აგვისტოში, წინა თვის 13.6%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 48.0 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, აგვისტოში სესხების პორტფელი წლიურად 14.6%-ით გაიზარდა (+14.5% ივლისში). სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდა, მნიშვნელოვნად, 16.0%-მდე დაჩქარდა (+14.7% ივლისში), ხოლო საცალო დაკრედიტება წლიურად 13.5%-ით გაიზარდა (+14.2% ივლისში); ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა 9.9%-მდე შენელდა (+11.3% ივნისში). 2023 წლის აგვისტოში სესხების დოლარიზაციამ 41.6% შეადგინა (+1.16პპ წ/წ და -0.84პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.7%-ს გაუტოლდა (-0.04პპ წ/წ და +0.01პპ თ/თ). 2023 წლის აგვისტოში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 20.1%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 48.1 მლრდ ლარამდე. ვალუტების მიხედვით, აგვისტოში ლარის დეპოზიტები წლიურად 38.0%-ით გაიზარდა (+41.2% ივლისში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 7.2%-მდე შენელდა (+13.3% ივლისში). შედეგად, აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაციამ 49.7% შეადგინა (-8.36პპ წ/წ და -0.91პპ თ/თ).
2024 წლის ბიუჯეტი: მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელიც 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას და 3.0%-იან დეფლატორს ითვალისწინებს. ამასთან, კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-იან ნიშნულზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლები წლიურად 9.4%-ით იზრდება მშპ-ის 24.9%-მდე და პრივატიზაციიდან მოსალოდნელი შემოსავლები 350 მლნ ლარზეა დაგეგმილი 2023 წლის მსგავსად. ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები მშპ-ის 30.5%-ის დონეზეა დაგეგმილი, სადაც კაპიტალური ხარჯების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს (2023 წლის მოსალოდნელი 8.6%-ია). ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ვალი 2024 წელს მშპ-ს 38.2%-ს გაუტოლდება, რომლის კომპოზიციაში შიდა ვალის წილი იზრდება მშპ-ს 11.7%-მდე (2023 წლის 10.7%-დან), ხოლო საგარეო ვალის მცირდება მშპ-ს 26.6%-მდე (2023 წლის 27.7%-დან).
სავალუტო ინტერვენციები: 2023 წლის 25 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 7.6 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ბაზრისთვის შეთავაზებული 30 მლნ აშშ დოლარიდან, ლარზე გაუფასურების წნეხის მოსახსნელად. ამასთან, წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ჩვენი შეფასებით.