ინფლაცია: 2023 წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ 0.7% შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 0.9%-ის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ინფლაციის შენელების ტემპი გაგრძელდა და სექტემბერში 5.3% შეადგინა (+6.1% წ/წ აგვისტოში). რაც შეეხება იმპორტირებული და შერეული საქონლის წლიურ ინფლაციას, სექტემბერში ორივე შემცირდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით იმპორტირებული ინფლაციის შემცირება შენელდა (-4.1% წ/წ სექტემბერში vs -6.8% წ/წ აგვისტოში), ხოლო შერეული საქონლის ინფლაციის კლება დაჩქარდა (-2.9% წ/წ სექტემბერში, -1.9% წ/წ აგვისტოში). ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებ-ლების და თამბაქოს ფასებს თითქმის უცვლელი 2.5% წ/წ იყო. 
2023 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ჯანდაცვა (-4.7% თ/თ, -0.47პპ), ტრანსპორტი (-4.3% თ/თ, -0.47პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+5.1%, +0.54პპ) და უალკოჰოლო სასმელები, თამბაქო (+5.6%, +0.38პპ). ამასთან, 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.6%-იან ინფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ზრდამ ტრანსპორტის (+2.6%, +0.31პპ) და განათლების (+5.5% თ/თ, +0.24პპ) კატეგორიებში.
საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მიმდინარე ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ გავზარდეთ 2023 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 0.3 პროცენტული პუნქტით 2.7%-მდე. 

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 22.3%-ით გაიზარდა და 5.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 3.0%-ით შემცირდა (-163.6 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, სექტემბერში სებ-მა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 64.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ოქტომბერს).

სავალუტო ინტერვენციები: 2023 წლის 6 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 44.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ბაზრისთვის შეთავაზებული 50 მლნ აშშ დოლარიდან. ჩვენი შეფასებით, წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი 1.24 მლრდ აშშ დოლარის წმინდა მყიდველია.