საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 7.5%-ით შემცირდა და 514.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 1.8%-იანი შემცირების შემდეგ. აღნიშნული კლება გასული წლის მაღალი ბაზით იხსნება. ასევე, იმპორტიც წლიურად 11.3%-ით შემცირდა 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 6.8%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 13.6%-ით შემცირდა და 789.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, 2023 წელს როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი რეკორდულ დონემდე გაიზარდა. საქონლის ექსპორტი წლიურად 9.1%-ით გაიზარდა 6.1 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 14.0%-ით გაიზარდა და 15.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 17.4%-ით გაიზარდა და 9.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 42.4%-ით შემცირდა (თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან) და 308.3 მლნ აშშ დოლარი შედგინა, რაც იხსნება გასული წლის მაღალი ბაზით და გზავნილების ნორმალიზებით რუსეთიდან. 
ჯამურად, 2023 წელს ფულადი გზავნილები წლიურად 5.7%-ით შემცირდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან 2023 წელს ფულადი გზავნილები შემცირდა მხოლოდ რუსეთიდან (-26.2% წ/წ, მთლიანის 37.0%). თუმცა, გზავნილები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირიდან (+25.2%, მთლიანის 32.5%), აშშ-დან (+39.6%, მთლიანის 11.1%) და ყაზახეთიდან (+32.4%, მთლიანის 4.8%).