საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება 2025 წელს, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა პროგნოზსთან შედარებით. აღნიშნული შენელება ძირითადად უკავშირდება აშშ-ს ახალ სატარიფო პოლიტიკასა და მისი სავაჭრო პარტნიროების მიერ მიღებულ საპასუხო ზომებს, რომლებმაც ეფექტური სატარიფო განაკვეთები საუკუნის განმავლობაში უპრეცენდენტო დონემდე გაზარდა. ამასთან, სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.0%-ის დონეზე ინარჩუნებს 2025 წლისთვის.
ტურიზმი: 2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 1.3%-ით გაიზარდა და 1.2 მლნ მოგზაური შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 2.2%-იანმა ზრდამ განაპირობა (81.8% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 2.4%-ით შემცირდა. ვიზიტორების მთლიან ზრდაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ვიზიტორების ზრდამ ისრაელიდან (+72.9% წ/წ), რომელსაც მოჰყვება ვიზიტორების ზრდა აზერბაიჯანიდან (+25.9% წ/წ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია) და ინდოეთიდან (+27.7% წ/წ). ამასთან, ვიზიტორთა შემცირება თურქეთიდან (-11.5% წ/წ) და სომხეთიდან (-5.7% წ/წ) ყველაზე მაღალი უარყოფითი წვლილით გამოირჩეოდნენ აღნიშნულ პერიოდში. ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (56.3%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (42.9%-იანი წილი).
სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და 826.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის I კვარტალში. ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (იხილეთ დეტალები ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაში აქ).
საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 17.4%-ით გაიზარდა 2025 წლის მარტში, წინა თვის 19.8%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 63.4 მლრდ ლარი (22.9 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მარტში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 16.6% შეადგინა (+1.7% თ/თ). სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 17.9%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 15.5% იყო; 2025 წლის მარტში სესხების დოლარიზაციამ 43.1% შეადგინა (უცვლელი თ/თ და -1.70პპ წ/წ).
2025 წლის მარტში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 11.3%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 58.5 მლრდ ლარამდე (21.1 მლრდ აშშ დოლარი), წინა თვეში დაფიქსირებული 11.8%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, მარტში ლარის დეპოზიტები წლიურად 5.9%-ით გაიზარდა (+7.4% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 16.7%-ით იყო (+16.3% წინა თვეში). ამასთან, მარტში დეპოზიტების დოლარიზაცია 0.35პპ-ით 52.8%-მდე შემცირდა, თუმცა წლიურად ის კვლავ გაზრდილი რჩება (+3.10პპ წ/წ).
სავალუტო ინტერვენციები: 2025 წლის მარტში ლარის კურსის გამყარების ტრენდმა ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა სავალუტო ბაზარზე 101.7 მლნ აშშ დოლარი შეესყიდა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად.