ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ივნისში რეალური მშპ 7.7%-ით გაიზარდა, წინა თვის 7.0%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. ივნისში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, ვაჭრობის და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის დარგებში. ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების დარგებში. ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება 2023 წელს (იხილეთ მეტი).
ინფლაცია: 2023 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 0.3%-მდე შენელდა, წინა თვის 0.6%-იანი დონიდან. აღნიშნული შემცირება ძირითადად იმპორტირებული (-7.4% წ/წ) და შერეული საქონლის (-4.5% წ/წ) ინფლაციის კლებამ განაპირობა. ამასთან, ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი განაგრძობს შენელებას (+7.2% წ/წ ივლისში, ხოლო +8.5% წ/წ ივნისში). რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მშნიშვნელოვნად, 3.1%-მდე შენელდა (-0.9პპ თ/თ) ივლისში. 2023 წლის ივლისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (-12.1% თ/თ, -1.53პპ), ჯანდაცვა (-6.9% თ/თ, -0.67პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+4.9%, 0.51პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+6.3%, 0.43პპ) და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+1.2%, 0.39პპ). ამასთან, 2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასების უმნიშვნელო ცვლილებას ჰქონდა ადგილი.
დისინფლაციის მიმდინარე ტრენდიდან გამომდინარე, 2023 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2.4%-მდე შევამცირეთ, წინა 3.1%-დან.
მონეტარული პოლიტიკა: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 10.25%-მდე შეამცირა, რომელიც მეორე შემცირებაა მიმდინარე წელს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო წლიური ინფლაციის სწრაფი შემცირებით, რაზეც სებ-ის მიხედვით, გავლენა აქვს გლობალურ ბაზრებზე საკვების და ნავთობის ფასების კლებას, ასევე საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულების შემცირებას, და ლარის გამყარებას. სებ-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წლის შემდგომ თვეებში ინფლაცია მიზნობრივ 3.0%-ის ქვემოთ იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მის ირგვლივ დასტაბილურდება. გარდა ამისა, სებ-მა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%-მდე გაზარდა წინა 5.0%-დან. რეგულატორი სიგნალს იძლევა, რომ გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნელი ტემპით შემცირებას ინფლაციური რისკების გათვალისწინებით. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.