2024 წელი ძლიერი ზრდით დაიწყო აქციების ბაზრებზე. გაიზარდა როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკების აქციების ფასები. საუკეთესო შედეგი აშშ-ს კომპანიებმა დააფიქსირეს, სადაც 2023 წლის მსგავსად, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დომინირებდნენ. ეს დინამიკა განაპირობა ინვესტორების დადებითმა სენტიმენტმა, ნაწილობრივ აშშ-ს ძლიერი ეკონომიკური აქტივობის ფონზე (აშშ-ს ეკონომიკა 2023 წელს 2.5%-ით გაიზარდა, 2024-ში კი, IMF-ის პროგნოზების მიხედვით, 2.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი).
შემოსავლიანობა გაიზარდა აშშ-ს ობლიგაციების ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ მოლოდინზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ გაზარდა რისკი, რომ აშშ-ს ინფლაციის სამიზნე 2%-მდე შემცირებას მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს (ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საბაზო ინფლაცია 3.9%-დან მხოლოდ 3.8%-მდე შემცირდა). სწორედ ამ მიზეზით, ბაზარი წლის ბოლომდე სულ ორ ან სამ 0.25%-იან შემცირებას პროგნოზირებს აშშ-ს ფედერალური რეზერვის განაკვეთში. შეცვლილი მოლოდინების ფონზე გაიზარდა ობლიგაციების შემოსავლიანობა და 2023 წელს დაფიქსირებულ მინიმუმს აღემატება.