2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება 41.2 მლნ აშშ დოლარი იყო. შედეგად, დადებითი სავაჭრო ბალანსი 43.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, თუმცა რაოდენობრივად საქართველო კვლავ წმინდა იმპორტიორია – 0.6 ტვტ.სთ წმინდა იმპორტით. 

საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ფასები ბევრად ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე ექსპორტის. საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა 5.7 აშშ ცენტი შეადგინა 2022 წელს, რაც წლიური 5.5%-იანი ზრდაა, ხოლო ექსპრტირებული ელექტროენერგიის ფასი საშუალოდ 8.7 აშშ ცენტი იყო (+118.9% წ/წ).  ბაზრის შიგნით ფასების ზომიერი ზრდის მიზეზი არის ელექტროენერგიის მიწოდებაში ჰიდროგენერაციის მაღალი წილი და იმპორტის ფასების შედარებით ზომიერი ზრდა. იმპორტის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები – რუსეთი და აზერბაიჯანი – მსოფლიო ბაზარზე თავად არიან ფასის დამწესებლები და საქართველოს შემთხვევაშიც, თავად განსაზღვრავენ მოწოდების ფასს. 

2022 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 14.2 ტვტ.სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მოხმარება გაიზარდა წლის პირველ ნახევარში 9.8%-ით, ხოლო მეორე ნახევარში შემცირდა 2.7%-ით. ეს უკანასკნელი უკავშირდება ჯორჯიან მანგანეზის, მეტალურგიული და მაინინგ კომპანიების წარმოების კლებას. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ძირითადად დაკმაყოფილდა ჰიდრო გენერაციით, რამაც ჯამური მიწოდების 68.3% შეადგინა. თბოსადგურების გენერაციით მოხმარების 21.5%, ხოლო იმპორტით მოხმარების 9.7% დააკმაყოფილა. 

პირველი სიმძლავრის აუქციონი 300მგვტ განახლებადი ენერგიის წყაროებისთვის გამოცხადდა 2023 წლის 10 თებერვალს და განაცხადების მიღება 45 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებული ინვესტორები გააფორმებენ ფასთაშორისი სხვაობის შესახებ ხელშეკრულებას ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან სადგურის ოპერირების პირველი 15 წლის განმავლობაში (იხილეთ აუქციონის დეტალები აქ და აქ).

2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 26.9 მგვტ. მათ შორის ყველაზე დიდი იყო 10.0 მეგავატი სიმძლავრის ნაკრა ჰესი, ყველაზე პატარა კი 0.9 მგვტ ბერალი ჰესი. 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრე 4.5 გიგავატი შეადგენდა, აქედან 3.4 გვტ ჰესები იყო, 0.02 გვტ ქარის ელექტროსადგური, ხოლო 1.1 გვტ თბოელექტროსადგური. განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდაჭერის ახალი მექანიზმის – ფასთაშორისი ხელშეკრულების (CFD) დანერგვით, მოსალოდნელია ინვესტორების ინტერესის ზრდა და შესაბამისად ახალი სადგურების მშენებლობის ტემპის მატება.