2023 წლის სექტემბერში:

ნავთობის ფასი თვიურად 9.7%-ით გაიზარდა, რაც საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირების წლის ბოლომდე გაგრძელებამ გამოიწვია. ანალიტიკოსები ნავთობის ფასის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას ელიან, თუმცა  მის ამ ნიშნულზე შენარჩუნებას ცოტა პროგნოზირებს.

ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 19.7%-ით გაიზარდა. S&P Global-ის მოლოდინით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მე-4 კვარტალში მაღალი იქნება, ფასები კი კვლავ მერყევი.

ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 10.4%-ით შემცირდა, თუმცა ევროპაში ბუნებრივი აირის (სასუქების წარმოების მთავარი კომპონენტი) ფასების ვოლატილობის გამო, მისი მაღალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

ხორბლის ფასი თვიურად 7.7%-ით შემცირდა და სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ლოკალური ხორბლის წარმოებამ და მარაგებმა მოლოდინებს გადააჭარბა.

სპილენძის ფასი თვიურად 2.3%-ით შემცირდა. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, აგვისტოში სპილენძის ადგილობრივმა წარმოებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. დამატებით, ლონდონის მეტალის ბირჟასა და შანხაის ფიუჩერსების ბირჟაზე მარაგები იზრდება, შესაბამისად, ფასების დაბალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

ფეროსილიკონი – ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 8.1%-ით შემცირდა, ჩინურის კი 3.7%-ით გაიზარდა, რაც პირველი თვიური ზრდაა ამ წლის იანვრის შემდეგ.

ოქროს ფასი თვიურად 4.7%-ით 1,848.6 აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინვესტორები ვარაუდობენ საპროცენტო განაკვეთების მაღალ დონეზე მეტი ხნით შენარჩუნებას, შესაბამისად, მათთვის აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ოქრო.