მსოფლიო ტენდენციები: მსოფლიოში ლურჯი მოცვის წარმოება წლიურად საშუალოდ 19.6%-ით გაიზარდა 2017-2021 წლებში 1.8 მლრდ კგ-მდე და IBO-ს პროგნოზით, 2025 წლისთვის, 3.0 მლრდ კგ-ს მიაღწევს. მოცვის უმსხვილესი მწარმოებლები და მომხმარებლები არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს 5 ქვეყანა განსაზღვრავს ექსპორტის ფასს გლობალურად. ამასთან, ექსპორტის საშუალო ფასი მსოფლიოში საშუალოზე მაღალია იანვარ-ივნისის განმავლობაში, როდესაც ბაზარი მარაგდება ძირითადად ევროპული მოცვით, ხოლო ივლისიდან ფასები ეცემა კანადის და ჩილეს შედარებით იაფიანი მოცვის ბაზარზე შემოსვლის შედეგად.
ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში: საქართველომ ლურჯი მოცვის წარმოება 2019 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს და დონორების მხრიდან ამ დარგის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის დამსახურებით. საქართველოში ლურჯი მოცვით გაშენებული ბაღების ჯამურმა ფართობმა 2,000 ჰა-ს გადააჭარბა 2022 წლის ბოლოსთვის. შედეგად, მოსავალი 8.5-ჯერ გაიზარდა 2019-23 წლებში 0.5 მლნ კგ-დან 4.0 მლნ კგ-მდე.
მოსავლიანობა და წარმოების პროგნოზი: საქართველოში მოცვის ბაღები ჰექტარზე 14.5 ტონა მოსავალს იძლევა, რაც ქვეყანას გლობალურად მე-7 ადგილზე აყენებს. შესაბამისად, არსებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის გათვალისწინებით, ჩვენი პროგნოზით, 2027 წლისთვის ლურჯი მოცვის წარმოება 25 მლნ კგ-მდე გაიზრდება (2023 წლის 4 მლნ კგ-დან).
საქართველოსთვის ლურჯი მოცვი საექსპორტო პროდუქტია. მოცვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად გაორმაგდა და 18.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია 2023 წელს. რაოდენობრივად მოცვის ექსპორტმა 3.0 მლნ კგ შეადგინა 2023 წელს, ხოლო ექსპორტის საშუალო ფასმა კგ-ზე 6.1 აშშ დოლარი. საქართველოსთვის რუსეთი მთავარი საექსპორტო ბაზარია 90%-ზე მეტი წილით, თუმცა აქტიურად ხდება ალტერნატიული ბაზრების ათვისებაც. მაგალითად, 2023 წლის ივნისში განხორციელდა ექსპორტი გერმანიის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის მიმართულებით. ჩვენი აზრით, ეს ბაზრები მიმზიდველია ივნის-ივლისში (რაც საქართველოს საექსპრტო თვეებია) არსებული მოთხოვნისა და ფასის გათვალისწინებით.
სამომავლო პერსპექტივები: სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველოს მოცვის სექტორი ახალგაზრდა დარგია და შესაბამისად, გამოწვევების წინაშეა. ამასთან, წარმოების მოსალოდნელი ზრდა მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში მოითხოვს ფოკუსირებას საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე. ამ საკითხების გადასაჭრელად, ინდუსტრიამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ხარისხის კონტროლს, შენახვის ვადის გახანგრძლივებას და საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას, სამაცივრე მეურნეობებსა და სხვა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებთან ერთად. გარდა ამისა, მოცვის გადამამუშავებელი წარმოების დაწყება კიდევ უფრო გაზრდის ინდუსტრიის პოტენციალს.