2023 წელს საქართველოს ეკონომიკაში მოსალოდნელზე კარგი შედეგები დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი გაგრძელდა, ინფლაცია და უმუშევრობა შემცირდა და ლარის კურსმა სტაბილურობა შეინარჩუნა. ეს შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავია რიგი საგარეო ნეგატიური მოვლენების ფონზე, რაც რუსეთ-უკრაინის და ისრაელი-ჰამასის ომებს და ასევე დოლარის და ევროს გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს უკავშირდება.
საქართველომ პოზიტიური მაკრო პარამეტრების პარალელურად, უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. 2023 წლის დეკემბერში ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც დიდი წარმატებაა და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების მოლოდინებს.
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ჩვენი 2024 წლის პროგნოზები გააუმჯობესა. შესაბამისად, შემუშავებული გვაქვს 2 სცენარი – საბაზისო და ოპტიმისტური და ამ უკანასკნელში კანდიდატის სტატუსის პოზიტიური გავლენა მოკლევადიან პერიოდში კიდევ უფრო მაღალია.