საქართველომ 192 მლნ კგ ხორცი და ხორცპროდუქტი მოიხმარა 2022 წელს. აქედან, 148.4 მლნ კგ (ჯამურის 77.3%) იყო ხორცი, ხოლო 43.6 მლნ კგ (ჯამურის 22.7%) ხორცპროდუქტები (სოსისი, სარდელი, ძეხვი და ა.შ.). ხორცეულიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ფრინველის ხორცზეა, ხოლო შემდეგ ღორისა და საქონლის ხორცზე. 2017-22 წლებში ხორცის მოხმარება საშუალოდ 1.8%-ით, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 3.8%-ით გაიზარდა. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოხმარებამ 2022 წელს 39 კგ შეადგინა, რაც მცირედით აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (34კგ).
ჩვენი პროგნოზით ხორცის მოხმარება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში წლიურად საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 8.0%-ით. მოთხოვნის წარმმართველი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარისა და ტურიზმის ზრდა.
ხორცის მოხმარების ნახევარი ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტით. ხორცის წარმოება 2017-22 წლებში წლიურად საშუალოდ 2.8%-ით გაიზარდა და 74.6 მლნ კგ შეადგინა. შედეგად, ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 48%-დან 50%-ზე ავიდა. ხორცპროდუქტების შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოების წილი 2022 წელს 85%-ს შეადგენდა, რაც მცირედით ჩამორჩება 2017 წლის მაჩვენებელს (88%).
ხორცის წარმოებაში მაღალია შინამეურნეობების წილი (40% 2022 წელს), რის გამოც სექტორი საკმაოდ ფრაგმენტული და დაბალ-მომგებიანია (ევროპულ კომპანიებთან შედარებით). ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელთა ჯამურმა შემოსავალმა დაახლოებით 1.5 მლრდ ლარი შეადგინა 2022 წელს, საიდანაც 531 მლნ ლარი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შემოსავალი იყო, ხოლო დანარჩენი (დაახლოებით 930 მლნ ლარი) ხორცის პირველადი წარმოების ღირებულება. საქართველოში ყველაზე განვითარებული ფრინველის ხორცის წარმოებაა, თუმცა აქაც მაღალია ზრდის პერსპექტივა შინამეურნეობების წილის შემცირების, იმპორტის ჩანაცვლებისა და მოხმარების ზრდის ხარჯზე.