2024 წლის დასაწყისში საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა განაახლა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები, რომლის საფუძველზე ხდება ინფლაციის გაანგარიშება. ამ განახლებას საქსტატი ყოველწლიურად აწარმოებს, რადგან მოსახლეობის დანახარჯების სტრუქტურა ცვალებადია.
ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, რომ 2024 წელს წინა წელთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვნად შემცირებულია სურსათის (-0.42პპ), კომუნალური მომსახურების (-0.28პპ), ტრანსპორტის (-0.25პპ) და ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს (-0.17პპ) კატეგორიების წონები. ამასთან, გაიზარდა საოჯახო მოვლა-პატრონობის (+0.30პპ), დასვენება, გართობის (+0.23პპ), სასტუმროები & რესტორნების (+0.22პპ) და განათლების (+0.20პპ) კატეგორიების წონები.
2024 წლის განახლებულ წონებზე დაყრდნობით საქართველოში ტიპიური მომხმარებლის ხარჯებიდან ყველაზე დიდი ნაწილი 30.4% სურსათზე მიიმართება, რომელსაც მოჰყვება ტრანსპორტის (12.1%) და ჯანმრთელობის დაცვის (9.4%) კატეგორიები.
სამომხმარებლო კალათის წონებს თუ ევროზონის მაჩვენებლებს შევადარებთ, თითქმის ყველა კატეგორიაში შესამჩნევი განსხვავებაა. მაგალითად, ევროზონაში სურსათის, ჯანდაცვის და ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს კატეგორიებს თითქმის ორჯერ ნაკლები წონები აქვთ, ვიდრე საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მომხმარებლის მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯების მაღალი წონა საქართველოში, რომელიც 4-5-ჯერ აღემატება ევროზონის ანალოგიურ მაჩვენებელს. საპირისპიროდ, ევროზონაში გაცილებით მაღალია კომუნალურების, სასტუმროები & რესტორნების, დასვენება & გართობის და ტრანსპორტის კატეგორიების წონები.
ზოგადად, სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ოჯახები უფრო მეტ დროს გართობას და დასვენებას უთმობენ და რესტორნებში კვებას ამჯობინებენ. შესაბამისად, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში გაცილებით მაღალია გართობა & დასვენება და სასტუმროები & რესტორნების კატეგორიების წონები, რომელიც 3-4-ჯერ აღემატება დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში არსებულ მაჩვენებლებს, ხოლო სურსათს მაღალი წონა აქვს განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში.