2023 წლის ნოემბერში:

ნავთობის ფასი 5.2%-ით შემცირდა. OPEC+-ის მიერ მიწოდების დღეში 900,000 ბარელით შემცირების გადაწყვეტილებამ და მისი სრულად შესრულების დაპირების სიცხადის ნაკლებობამ ინვესტორების მოლოდინები არ გაამართლა. შესაბამისად, ნავთობმა ზედიზედ მეექვსე კვირას კლება განაგრძო.

ბუნებრივი აირის ფასი 10.8%-ით გაიზარდა. მიუხედავად თვიური ზრდისა, ბუნებრივი აირის ფასი ნოემბრის ბოლო ორ კვირაში მნიშვნელოვნად, 12.3%-ით შემცირდა, რაც მოსალოდნელზე დიდი მარაგებით და შედარებით თბილი ამინდის პროგნოზით იყო გამოწვეული.

ამონიუმის ნიტრატის ფასი 14.8%-ით შემცირდა. უახლოეს თვეებში ამ ფასის შენარჩუნებაა მოსალოდნელი. ეს მოლოდინი ითვალისწინებს, რომ ფასის შემცირებაზე და ზრდაზე მოქმედი ფაქტორები ერთმანეთს დააბალანსებს.

ხორბლის ფასი 5.8%-ით გაიზარდა. ოქტომბრიდან დაწყებული ზრდის  ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი მიწოდების შემცირების რისკია.

სპილენძის ფასი 4.5%-ით გაიზარდა. ორი მსხვილი მწარმოებლისგან (პანამა და პერუ) პოტენციურად მცირე მიწოდებამ შესაძლოა ბაზარზე 2024 წელს დეფიციტი გამოიწვიოს.

ევროპული ფეროსილიკონის ფასი 0.3%-ით, ხოლო ჩინურის 1.5%-ით შემცირდა. შემცირებული საერთაშორისო ფასები ქართული ფეროშენადნობების ექსპორტშიც წლიური 68.0%-იანი კლებით აისახა.

ოქროს ფასი 2.6%-ით გაიზარდა. საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და შედარებით სუსტი დოლარის მოლოდინი ძვირფასი მეტალის ფასზე დადებითად მოქმედებს.