2024 წლის იანვარში:
ნავთობის ფასი თვიურად 6.1%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი თვიური მატება იყო. J.P. Morgan-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ნავთობის ფასებში გეოპოლიტიკური რისკ-პრემიუმი არ არის ასახული, რადგან არსებული მიწოდება საკმარისია მიმდინარე შოკების დასაძლევად.
ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 1.2%-ით გაიზარდა. მცირე ზრდა ერთმანეთის საპირწონედ მოქმედი დადებითი და უარყოფითი ფაქტორების შედეგია – შედარებით თბილი ამინდი და დიდი მარაგები ევროპაში და აშშ-ს მიერ LNG-ის (გათხევადებული ბუნებრივი აირი) ექსპორტის ლიცენზიების განხილვის დროებითი შეჩერება.
ოქროს ფასი თვიურად 1.1%-ით შემცირდა. მიუხედავად მცირე კლებისა, მიმდინარე წელს ის ფსიქოლოგიურ ნიშნულზე, $2,000-ზე დაბლა არ ჩამოსულა. უოლ სტრიტი ძვირფასი მეტალის ფასის ზრდას ელის 2024 წელს, რაც წლის განმავლობაში განაკვეთების შემცირებითა და ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს მოსალოდნელი შესყიდვებით იქნება განპირობებული.
ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა. მიუხედავად მცირე ზრდისა, ის წლიურად 35.3%-ითაა შემცირებული, რაც მისი წარმოების ძირითადი კომპონენტის – ბუნებრივი აირის ფასების კლებითაა განპირობებული.
ხორბლის ფასი თვიურად 10.4%-ით შემცირდა. შავი ზღვის საფრთხეებისა და გლობალური რეცესიის რისკის შემცირების ფონზე, რისკ-პრემიუმი იკლებს და შესაბამისად ფასებიც თანდათანობით მცირდება.
სპილენძის ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა. მიუხედავად უმნიშვნელო ზრდისა, საინვესტიციო ფონდები სპილენძის აქციების ძლიერ ზრდას ელიან, რაც 2024 წელს ნედლეულის დეფიციტით იქნება გამოწვეული. გაზრდილი მიწოდების მოლოდინი მნიშვნელოვანი დანაკლისის მოლოდინმა ჩაანაცვლა.
ფეროსილიკონი – ჩინური ფეროსილიკონის ფასი არ შეცვლილა, ევროპულის კი თვიურად 13.8%-ით გაიზარდა, რაც ქართული ნედლეულის ექსპორტზე დადებითად აისახა.