ლუდის მოხმარება საქართველოში 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა და ჩვენი შეფასებით 2023 წელს 133 მლნ ლიტრს მიაღწევს. ამასთან, ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება საქართველოში მზარდია და 45 ლიტრს შეადგენს 2023 წელს, თუმცა მაინც ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს – 81 ლიტრს. ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან.
ლუდის წარმოება 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 3.0%-ით გაიზარდა და ჩვენი შეფასებით 126 მლნ ლიტრს მიაღწევს 2023 წელს.
ლუდის ექსპორტი 2023 წლის 11 თვეში წლიურად 98.7%-ით გაიზარდა $7.9 მლნ-მდე და ჩვენი შეფასებით, 2023 წელს $8.5 მლნ-ს მიაღწევს, ძირითადად ყაზახეთში და დსთ-ს სხვა ქვეყნებში გაზრდილი გაყიდვების შედეგად.
სექტორში 4 ძირითადი მწარმოებელია – ლომისი, ქართული ლუდის კომპანია, გლობალ ბიერ ჯორჯია და არგო, რომლებიც ლუდის გარდა არაალკოჰოლურ სასმელებსაც აწარმოებენ.
სექტორის შემოსავალი 2023 წლის სამ კვარტალში 15.2%-ით გაიზარდა 446.1 მლნ ლარამდე და წლიურ ჭრილში ჩვენი შეფასებით 584.7 მლნ ლარს მიაღწევს. ამასთან, ჯამური შემოსავლების დაახლოებით 60% ლუდის გაყიდვებიდან და დანარჩენი არაალკოჰოლური სასმელების გაყიდვებიდან გენერირდება.
ფასზე მოქმედი ფაქტორები – საქართველოში ლუდის ფასზე მოქმედებს ნედლეულის ღირებულება და ლარის კურსის მერყეობა, რადგან წარმოებისთვის ძირითადად იმპორტირებული ნედლეული გამოიყენება.