მონეტარული პოლიტიკა: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 21 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე დატოვა. სებ-ის მიხედვით, ინფლაციის შემცირებას (1.5% მაისში) მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის შემცირება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს. ამასთან, სებ-ი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ადგილობრივი ინფლაციის შემცირებისა, მისი დონე კვლავ მაღალია, რომელიც მაისში 9.1% იყო. რეგულატორის თანახმად, ამ ეტაპზე არ შეიმჩნევა ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები, თუმცა შრომის ბაზრიდან მომდინარე ინფლაციაზე ზეწოლის რისკები საყურედღებოა, რადგან საშუალო ხელფასების ზრდის ტემპი პროდუქტიულობის ზრდაზე სწრაფია. სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3.0%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება მიმდინარე წლის ბოლომდე და მონეტარული პოლიტიკის შერბილების გაგრძელება ზომიერი ბიჯებით არის მოსალოდნელი. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 2 აგვისტოს ჩატარდება.

ეკონომიკური ზრდა: საქსტატის მიხედვით 2023 წლის I კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 7.7%-ით გაიზარდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. სექტორულ ჭრილში, ეკონომიკურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ვაჭრობა (+14.0% წ/წ), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+44.2% წ/წ), მშენებლობა (+15.1% წ/წ), სახელმწიფო მმართველობა (+10.5% წ/წ), განათლება (+13.4% წ/წ),  ხელოვნება, გართობა და დასვენება (+17.2% წ/წ), სასტუმროები და რესტორნები (+15.7% წ/წ) და საფინანსო საქმიანობა (+6.9% წ/წ). ამასთან, კლება დაფიქსრიდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა (-6.6% წ/წ), ჯანდაცვა (-12.7% წ/წ), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-10.8% წ/წ) და სოფლის მეურნეობა (-2.3% წ/წ).

მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით,  მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 5.8%-ით შემცირდა 2023 წლის მაისში, წინა თვეში დაფიქსირებული 6.0%-იანი კლების შემდეგ. ფასების შემცირებაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: დამამუშავებელი მრეწველობა (-4.8% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (-12.2% წ/წ).