ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მაისში რეალური მშპ 7.0%-ით გაიზარდა, წინა თვის 7.5%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%-ით გაიზარდა. მაისში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის და ტრანსპორტის დარგებში. ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების დარგებში. მშპ-ის დეფლატორის მოსალოდნელზე სწრაფი შემცირების და პირველი კვარტლის დაზუსტებული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ჩვენ  გავზარდეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.0პპ-ით 6.8%-მდე (იხილეთ განახლებული მაკრო პროგნოზები აქ).

მიმდინარე ანგარიში: სებ-ის მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში  მიმდინარე ანგარიში დეფიციტი მნიშვნელოვნად, წლიურად 67.7%-ით. შემცირდა და მშპ-ის 3.2% შეადგინა (13.3% იყო 2022 წლის I კვარტალში). მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ძირითადად მომსახურების (ტურიზმის შემოსავლები წლიურად 102.0%-ით გაიზარდა 795.4 მლნ აშშ დოლარამდე) და ტრასფერტების ბალანსის (+36.1% წ/წ) მაღალმა ზრდამ განაპირობა. რაც შეეხება საქონლით ვაჭრობის უარყოფით ბალანსს, ის წლიურად 25.2%-ით გაიზარდა 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან საქონლის ექსპორტი 24.2%-ით, ხოლო იმპორტი 24.6%-ით გაიზარდა. ამასთან, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მშპ-ის 6.1%) 1.9-ჯერ აღემატებოდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. პირველი კვარტლის მონაცემების და მიმდინარე საგარეო ნაკადების გათვალსიწინებით, ჩვენი განახლებული პროგნოზით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 3.8%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2023 წელს, რაც 1.6პპ-ით გაუმჯობესებაა ჩვენს წინა პროგნოზთან შედარებით.

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 6.1%-ით გაიზარდა 2023 წლის მაისში, წინა თვის 3.7%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 45.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მაისში სესხების პორტფელი წლიურად 12.8%-ით გაიზარდა, წინა თვის 13.2%-იანი ზრდის შემდეგ. სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპი 10.2% იყო (+10.9% აპრილში), ხოლო საცალო დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 15.0% (+15.2% აპრილში) შეადგინა; აქედან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა 11.8% იყო (+11.5% აპრილში). 2023 წლის მაისში სესხების დოლარიზაციამ  44.5% შეადგინა (-4.28პპ წ/წ და +0.56პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.8%-ს გაუტოლდა (-0.16პპ წ/წ და +0.04პპ თ/თ). 2023 წლის მაისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების ზრდა წლიურად 31.2%-მდე დაჩქარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 45.5 მლრდ ლარი შეადგინა, წინა თვის 28.7%-იანი ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, მაისში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 44.8%-მდე დაჩქარდა (+39.1% აპრილში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 21.3%-მდე შენელდა (+21.5% აპრილში). შესაბამისად, მაისში დეპოზიტების დოლარიზაცია კიდევ შემცირდა და 50.5% შეადგინა (-7.66პპ წ/წ და -0.82პპ თ/თ).

სებ-მა 2023 წლის მაისში 154.7 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა სებ-მა 2023 წლის მაისში 154.7 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch პლატფორმის საშუალებით, წინა თვის 322.4 მლნ აშშ დოლარის რეკორდული შესყიდვის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-მაისში, სებ-მა 937.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.