მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი მოლოდინები აქვთ, ინდექსების უმეტესობამ მაინც შეძლო და წინა კვირას მცირე ზრდა დააფიქსირა. პარასკევს ამერიკაში წინა თვის ძლიერი დასაქმების სტატისტიკა გავრცელდა, რაც კიდევ ერთი დამატებითი სიგნალია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გააგრძელებს საპროცენტო განაკვეთების ზრდას.  ნავთობის ფასებმა წინა კვირის განმავლობაში პროცენტულად ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა, მას შემდეგ რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ განკარგულება გამოსცა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით ნავთობის გამოთავისუფლებაზე ამერიკის სტრატეგიული რეზერვებიდან. ამ ნაბიჯით ამერიკა ცდილობს შეაჩეროს სწრაფად მზარდი ნავთობის ფასები. კვირის განმავლობაში “S&P 500”-ის ინდექსმა მცირე ზრდა (+0.06%) დააფიქსირა, „Dow Jones”-ის ინდექსი 0.12%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა, ხოლო „Nasdaq”-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული ინდექსი კი 0.65%-ით გაიზარდა. 
 

წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:

  • „Tesla” – კიდევ ერთი გიგანტი აანონსებს აქციების გაყოფას:  „Apple“-ი (AAPL), „Alphabet“-ი (GOOGL), „Amazon“-ი (AMZN) და ახლა უკვე „Tesla”-მაც დაანონსა რომ ისინი საკუთარ აქციებს გაყოფენ (კიდევ ერთხელ).  სულ რაღაც 2 წლის წინ ტესლამ საკუთარი აქციები 1 – 5-თან შეფარდებით გაყო, და ახლა კომპანიის მენეჯმენტი კვლავ ეცდება აქციების გაყოფა მოახდინონ და ამით უფრო ხელმისაწვდომი გახადონ კომპანიის აქციებში ინვესტირება. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია თუ რა თანაფარდობით მოხდება აქციების გაყოფა ცნობილი არ არის. აქციების გაყოფით კომპანიისთვის ფუნდამენტალურ დონეზე არაფერი არ იცვლება, თუმცა გაყოდის შედეგად აქციები (და ოფციონები) უფრო ხელმისაწვდომი ხდება ინვესტორების უფრო ფართო არეალისთვის.  „BofA Global Research“-ის კვლევის მიხედვით აქციების გაყოფა ისტორიულად კარგად აისახება კომპანიის აქციების ფასზე, და საშუალოდ დაყოფის შემდეგ 1 წლის განმავლობაში აქციები 25%-ით იზრდება. ზრდა „Tesla”-ს აქციებზეც უკვე შეინიშნება, ორშაბათს ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ აქციები 8%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონ დოლარს გადასცდა (წინა „Split”-ის შემდეგ რომელიც 2020-ში მოხდა „Tesla” 130%-ზე მეტით არის გაზრდილი.) “Tesla”-ს აქციებზე ბოლო პერიოდში ზრდის საკმაოდ კარგი ტრენდი შეინიშნება, მას შემდეგ რაც კომპანიამ ოსტინის შტატში და ბერლინში ახალი საწარმოები გახსნა. ამ ახალი საწარმოების დახმარებით კომპანია შეძლებს ყოველწლიური წარმოება 2 მილიონ მანქანამდე გაზარდოს. ამასთან, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით „Tesla” ნაკლებად განიცდის შეფერხებებს მიწოდების ჯაჭვში, რაც ასევე დადებით გავლენას ახდენს ინვესტორების მოლოდინზე.
  • ამერიკა სტრატეგიული რეზერვებიდან დიდი ოდენობით ნავთობს გამოათავისუფლებს: ბაიდენის ადმინისტრაციამ წინა სამშაბათს გამოაცხადა რომ აშშ სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან შემდეგი 6 თვის განმავლობაში 180 მილიონ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებს.  ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბრენტის ტიპის 1 ბარელი ნავთობის ფასი $105-ზე ქვევით ჩამოვიდა. ამჟამად აშშ-ს ნავთობის რეზერვების მოცულობა დაახლოებით 568.3 მილიონი ბარელია, და ამ გადაწყვეტილების შედეგად მოხდება რეზერვების 1/3-ის გამოთავისუფლება, რაც ამერიკის ისტორიაში უპრეცენდენტოდ დიდი მოცულობაა. ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავინახოთ თუ რაოდენ დიდ პრობლემას წარმოადგენს ენერგეტიკული კრიზისი ამერიკისთვის და მთლიანად დასავლური სამყაროსთვის. ნავთობისა და გაზის მზარდი ფასები კიდევ უფრო ზრდის ისედაც მაღალ ინფლაციის დონეს დასავლურ ქვეყნებში. რეზერვებიდან ნავთობის გამოთავისუფლება მხოლოდ გარკვეული პერიოდით მოაგვარებს ენერგეტიკულ კრიზისს და გრძელ ვადაში საჭირო იქნება, რომ ქვეყნები გადაერთონ ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე. ეს კარგად ესმით ინვესტორებსაც და ბირჟებზე უკვე ვხედავთ ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიების აქციების ზრდის ტენდენციას. მაგალითად: „iShares Global Clean Energy ETF“-ი (ICLN), რომელიც სუფთა ენერგიის წყაროების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების კალათაა, ბოლო 1 თვის განმავლობაში დაახლოებით 10.6%-ით არის გაზრდილი. ბევრად უფრო მაღალ ზრდას აფიქსირებენ ამერიკული თხევადი გაზის მწარმოებელი კომპანიებიც, მაგალითად: „Tellurian Inc“ წლის დასაწყისიდან დღემდე გაზრდილია 88%-ით, ხოლო „Southwestern Energy Company“ კი იგივე პერიოდში 56%-ით გაიზარდა.
  • „Robinhood”-ი ცდილობს აქციებით ვაჭრობა 24/7-ზე გახადოს შესაძლებელი:  „Robinhood“-ის (HOOD) აქციები სამშაბათს 24%-ით გაიზარდა მას შემდეგ რაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ ის საკუთარ კლიენტებს მისცემს საშუალებას, რომ საბირჟო საათების გარდა, დამატებითად 4 საათი ივაჭრონ. კომპანიის პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება რომ ინვესტორებმა აქციებით ვაჭრობა საბირჟო საათებამდე 2 საათითა ადრე დაიწყონ, და ბირჟის დახურვის შემდეგ ასევე 2 საათი გააგრძელონ ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა/გაყიდვა.  ეს პირველი ნაბიჯია კომპანიის იმ გრძელვადიანი მიზნისკენ, რომ აქციებით ვაჭრობა უწყვეტად გახდეს შესაძლებელი. არის მოლოდინი, რომ სავაჭრო საათების გაზრდით, გაიზრდება „Robinhood”-ის პლატფორმაზე ვაჭრობის მოცულობა და შესაბამისად კომპანიის შემოსავლებიც. რათქმაუნდა ეს ხელსაყრელი იქნება იმ ინვესტორებისთვისაც, რომლებსაც სურთ რომ გამოყენონ ის ძლიერი ვოლატილობა და ცვლილებები აქციების ფასებში, რომლებიც ხშირად არასავაჭრო საათების განმავლობაში ხდება. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს იმაზეც, რომ ბევრი მომხმარებელი ამერიკული სავაჭრო საათების განმავლობაში ვერ ახერხებდა საკმარისი დრო დაეთმო ბირჟებზე მიმდინარე ცვლილებების ანალიზისთვისა და ინვესტირებისთვის, რადგანაც ამ პერიოდის განმავლობაში თავადაც მუშაობენ და შესაბამისად ამ გადაწყვეტილების შემდეგ ინვესტორებს უფრო მეტი თავისუფლება და შესაძლებლობები მიეცემათ. 24/7 ინვესტირების მოდელზე გადასვლა არც თუ ისე მარტივი იქნება, თუმცა „Robinhood”-მა ერთხელ უკვე შეძლო საბროკერო ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენა და ინვესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და შესაძლოა კომპანიამ ეს კიდევ ერთხელ შეძლოს.



„S&P 500“-ის ტოპ სექტორები:

  • უძრავი ქონების სექტორი + 4.42% (ETF: XLRE) 
  • კომუნალურების სექტორი + 3.71% (ETF: XLU)
  • ძირითადი მოხმარების საგნების სექტორი + 2.33% (ETF: XLP)
     


მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:

სამშაბათი, 5 აპრილი: Lindsay Corporation (LNN) and Acuity Brands (AYI).

ოთხშაბათი, 6 აპრილი: Greenbrier (GBX), Tilray (TLRY) and Levi Strauss (LEVI).

Thursday, 7 აპრილი: Constellation Brands (STZ), ConAgra Brands (CAG), Lamb Weston (LW) and PriceSmart (PSMT).