გასული კვირა აქციების ბაზრებისთვის წელს ყველაზე უარყოფითი შედეგით დასრულდა. შედეგად, აშშ-ს სახაზინოები, ოქრო და სხვა დაბალ-რისკიანი აქტივების ფასებმა მოიმატა. ეს ყველაფერი კი ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე კონცენტრირებული ბანკის, Silicon Valley Bank-ის ჩამოშლის შედეგია. რეგიონალური ბანკების აქციები მკვეთრად გაუფასურდა, რაც აისახა S&P 500 Regional Bank ETF-ის 16%-იან გაუფასურებაში. ამ სიახლემ გადაწონა ახლად გამოქვეყნებული აშშ-ს შრომის ბაზრის სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინფლაციური წნეხები ეტაპობრივად ნელდება (ანაზღაურების ზრდის ტემპი მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა). კვირის განმავლობაში, Dow Jones 4.4%-ით შემცირდა, S&P 500 – 4.5%-ით, ხოლო Nasdaq Composite – 4.7%-ით.
სიახლეები
2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ბანკის ჩამოშლის ისტორია აშშ-ში: Silicon Valley Bank (SVB) აღარ არსებობს. იმის შემდეგ, რაც ბანკის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით ინვესტორებს ეჭვი გაუჩნდათ, მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს დეპოზიტების გატანა. ამან აუცილებელი გახადა Federal Deposit Insurance Corporation (FDIC)-ის ჩარევა. ბანკის ჩამოშლა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ SVB-ის ოთხშაბათს უკვე $2 მილიარდიანი ზარალი ჰქონდა დაფიქსირებული აქტივების ლიკვიდაცის და შესაბამისად ზარალის აღიარების გამო. შედეგად, შემდეგ დღეს ბანკის აქციები 60%-ით გაუფასურდა და არაერთმა ფინანსურმა მრჩეველმა ურჩია კლიენტებს კომპანიის აქციების გატანა საინვესტიციო პორთფელიდან. პარასკევს 40 წლიანი ისტორიის ბანკმა არსებობა შეწყვიტა.
რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? SVB აფინანსებდა აშშ-ს სტარტაპ ეკოსისტემის დიდ ნაწილს, რაც შესაძლებელი გახადა ფედერალური რეზერვის მიერ დაწესებულმა უკიდურესად დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა (SVB-ს დეპოზიტების რაოდენობა გასამმაგდა 2018 წლიდან 2021 წლამდე), თუმცა როცა გასულ წელს განაკვეთები გაიზარდა, შემცირდა როგორც დეპოზიტების რაოდენობა ისევე ობლიგაციების ღირებულება, რომლებიც ბანკმა ამ დეპოზიტებით შეიძინა.
ამ სიახლემ უარყოფითი განწყობა შექმნა მთლიან საფინანსო სექტორზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს ბანკები ბევრად უკეთ არიან მომზადებულები მსგავსი სცენარისთვის ვიდრე 2008 წელს იყვნენ. შესაბამისად, კიდევ ერთი ფინანსური კრიზისი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.
ხელოვნური ინტელექტის აქციები დაეცა: აქციები, როგორიცაა C3.ai (AI), BigBear.ai Holdings (BBAI) და SoundHound AI (SOUND) ხუთშაბათს გაუფასურდა მას შემდეგ, რაც US Chamber of Commerce-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის დარეგულირებას აპირებს. 14-გვერდიან რეპორტში წერია, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს შეუძლიათ გლობალური მშპ $13 ტრილიონით გაზარდონ მომდევნო დეკადის განმავლობაში, თუმცა მათ ასევე ექნებათ გავლენა ისეთ დარგებზე, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ EU ასევე აპირებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.
უორენ ბაფეტი აგრძელებს Occidental Petroleum (OXY)-ს აქციების შეძენას: Berkshire Hathaway-მ გააგრძელა ენერგო კომპანიის აქციების შეძენა და უკვე დაახლოებით 22%-ს ფლობს. ეს ნიშნავს, რომ ბაფეტი უკვე 200.2 მილიონ აქციას ფლობს კომპანიაში, რომელთა ღირებულებაც $12.2 მილიარდს შეადგენს. წლიური დივიდენდები ამ ჰოლდინგიდან სავარაუდოდ $144 მილიონს შეადგენს. შეგახსენებთ რომ Occidental Petroleum, რომელიც უორენ ბაფეტის საინვესტიციო პორთფელის ტოპ 10 ჰოლდინგში შედის, გასულ წელს 200%-ზე მეტით გაიზარდა ფასში.
მომდევნო კვირა: ამ კვირას კიდევ ბევრი რამ გაირკვევა SVB-ს ისტორიასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდება იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ერთ ბანკის ჩამოშლას მთლიან საფინანსო სისტემაზე. ამ კვირას ასევე გამოქვეყნდება მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური სტატისტიკები, როგორიცაა აშშ-ს CPI. ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, CPI წლიურ 5.5%-5.6%-მდე უნდა შემცირდეს.