საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა და 565.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 7.1%-იანი კლების შემდეგ. ასევე, იმპორტი წლიურად 14.3%-ით გაიზარდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 3.9%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, მარტში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 18.8%-ით გაიზარდა 837.3 მლნ აშშ დოლარამდე.
ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 28.9%-ით გაიზარდა და 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 20.1%-ით გაიზარდა და 4.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა 291.9 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 5.3%-იანი კლების შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+12.6%, მთლიანის 46.4%), აშშ-დან (+21.7%, მთლიანის 18.8%), ისრაელიდან (+1.8%, მთლიანის 7.4%), თურქეთიდან (+3.5%, მთლიანის 3.0%) და ყირგიზეთიდან (+154.8%, მთლიანის 2.4%). ამასთან, მარტში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-29.1%, მთლიანის 13.0%) და ყაზახეთიდან (-44.3%, მთლიანის 2.3%).
ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში ფულადი გზავნილები წლიურად 3.2%-ით შემცირდა და 786.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.