ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მარტში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 7.3%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 5.8%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.2%-ით გაიზარდა. მარტში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის და ვაჭრობის, ხოლო შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის და უძრავი ქონების დარგებში. პირველი კვარტლის მოსალოდნელზე მაღალი ზრდის გათვალისწინებით, ჩვენი საბაზისო პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზრდება 2023 წელს, რაც 1პპ-იანი გაუმჯობესებაა წინა პროგნოზთან შედარებით (იხილეთ მეტი).
ტურიზმი: 2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად გაორმაგდა და 1.1 მლნ მოგზაური შეადგინა. ამასთან, ტურისტული ვიზიტები წლიურად 183.8%-ით გაიზარდა და 2019 წლის I კვარტლის 95.8% შეადგინა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების (+384.3% წ/წ) აღდგენა სუსტი იყო (48.8% 2019 წლის კვარტლის დონის). ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (24.1% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება თურქეთი (20.3% წილი) და სომხეთი (17.1% წილი). ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (67.0%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (32.1%-იანი წილი). სებ-ის შეფასებით, ტურიზმის შემოსავლები წლიურად 102.0%-ით გაიზარდა და 795.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2023 წლის I კვარტალში. ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 15.0%-ით გაიზრდება 4.0 მლრდ აშშ დოლარამდე (იხილეთ მეტი).
საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 3.6%-ით გაიზარდა 2023 წლის მარტში, წინა თვის 2.8%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 44.9 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მარტში სესხების პორტფელის წლიურად 13.8%-ით გაიზარდა, წინა თვის 13.3%-იანი ზრდის შემდეგ. სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპი 11.8%-მდე დაჩქარდა (+10.7% თებერვალში), ხოლო საცალო დაკრედიტების წლიურმა ზრდამ, წინა თვის მსგავსად, 15.7% შეადგინა; აქედან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა 11.7%-მდე შენელდა, წინა თვის 13.3%-იანი ზრდის შემდეგ. 2023 წლის მარტში სესხების დოლარიზაცია 44.3%-მდე შემცირდა (-6.00პპ წ/წ და -0.10პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.7%-ს გაუტოლდა (-0.13პპ წ/წ და -0.13პპ თ/თ). საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 30.4%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 43.3 მლრდ ლარი შეადგინა 2023 წლის მარტში (+29.5% წ/წ თებერვალში). ვალუტების მიხედვით, მარტში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 33.7%-მდე დაჩქარდა (+28.6% თებერვალში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 28.1% შეადგინა (+30.0% თებერვალში). ამასთან, მარტში დეპოზიტების დოლარიზაცია კვლავ შემცირდა და 53.5% შეადგინა (-5.88პპ წ/წ და -1.25პპ თ/თ), რაც 1997 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სებ-მა 2023 წლის მარტში 219.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა სებ-მა 2023 წლის მარტში 219.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch პლატფორმის საშუალებით. ჯამურად, 2023 წლის I კვარტალში, სებ-მა 460.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.