ინფლაცია: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია, მნიშვნელოვნად, 2.7%-მდე შენელდა, წინა თვის 5.3%-იანი დონიდან, რაც ძირითადად ტრანსპორტისა და ჯანდაცვის კატეგორიებში ფასების კლებამ და სურსათის ფასების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანმა შენელებამ განაპირობა. ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, ასევე შენელდა და 4.7% შეადგინა (-0.3პპ თ/თ). 2023 წლის აპრილში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+5.9%, 2.04პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+10.3%, 1.05პპ), სასტუმროები და რესტორნები (+11.9%, 0.45პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+6.7%, 0.44პპ), ტრანსპორტი (-12.9% თ/თ, -1.66პპ) და ჯანდაცვა (-7.9% თ/თ, -0.78პპ). ამასთან, 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.7%-იან დეფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების შემცირებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-2.1%, -0.69პპ) და ტრანსპორტის (-2.0% თ/თ, -0.23პპ) კატეგორიებში. წლიური ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად შენელების პირობებში, ვფიქრობთ რომ სებ-ი 10 მაისის სხდომიდან დაიწყებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას, რომელიც მიმდინარედ 11.0%-ს შეადგენს.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 34.2%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.6%-ით გაიზარდა (+129.6 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება როგორც მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 მაისს).

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2023 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 32.6%-ით გაიზარდა და 250 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ჩვენი შეფასებით, 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1,045 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+79.5% წ/წ).