მონეტარული პოლიტიკა: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 10.5%-მდე შეამცირა, რომელიც პირველი შემცირებაა 2020 წლის მაისის შემდეგ. სებ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო წლიური ინფლაციის სწრაფი შემცირებით, რომელიც 2.7%-მდე შენელდა 2023 წლის აპრილში, იანვარში არსებული 9.4%-იანი დონიდან. როგორც სებ-ი განმარტავს, ინფლაციის შემცირება ძირითადად იმპორტირებული ინფლაციის კლებამ განაპირობა, რაზეც დადებითად მოქმედებდა გლობალურ ბაზრებზე სასაქონლო პროდუტების ფასების კლება და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულების შემცირება პანდემიამდე დონემდე ლარის გაცვლითი კურსის გამყარებასთან ერთად. ამასთან, სებ-ი ხედავს ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტენდენციას და მოელის რომ ეს ტრენდი წლის ბოლომდე გაგრძელდება. შესაბამისად, სებ-ის განახლებული პროგნოზით საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წლისთვის 2.8%-ის დონეზეა მოსალოდნელი. გარდა ამისა, სებ-მა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.0%-მდე გაზარდა წინა 4.0%-დან. წლის ბოლომდე რეგულატორი სიგნალს იძლევა რომ გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას, თუმცა ნელი ტემპებით, რადგან გეოპოლიტიკური რისკებიდან მომდინარე გაურკვევლობა კვლავ მაღალი რჩება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის  21 ივნისს ჩატარდება.