ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აპრილში რეალური მშპ 7.5%-ით გაიზარდა, წინა თვის 7.3%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.3%-ით გაიზარდა. აპრილში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის და ტრანსპორტის დარგებში. ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების დარგებში. ჩვენი საბაზისო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზრდება 2023 წელს (იხილეთ დეტალური მაკრო პროგნოზები).
ინფლაცია: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მაისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია, მნიშვნელოვნად, 1.5%-მდე შენელდა, წინა თვის 2.7%-იანი დონიდან. აღნიშნული შემცირება ძირითადად იმპორტირებული (-6.5% წ/წ) და შერეული საქონლის (-4.2% წ/წ) ინფლაციის კლებამ განაპირობა. ამასთან, აღსანიშნავია ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასების ზრდის ტემპის შენელება (+9.1% წ/წ მაისში, ხოლო +10.6% წ/წ აპრილში). რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, ასევე შენელდა და 3.9% შეადგინა (-0.8პპ თ/თ) მაისში. 2023 წლის მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (-12.9% თ/თ, -1.64პპ), ჯანდაცვა (-7.5% თ/თ, -0.73პპ), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+3.3%, 1.19პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+7.1%, 0.48პპ), სასტუმროები და რესტორნები (+11.1%, 0.41პპ) და საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+3.7%, 0.39პპ). ამასთან, 2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.1%-იან დეფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების შემცირებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (-1.7%, -0.62პპ) კატეგორიაში. ჩვენი პროგნოზით, დისინფლაციის პროცესი გაგრძელდება და წლიური ინფლაცია 1.0%-მდე შენელდება მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 3.1%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2023 წლისთვის.
სავალუტო ინტერვენციები: 2023 წლის 2 ივნისს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 17.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ბაზრისთვის შეთავაზებული 40 მლნ აშშ დოლარიდან, სავარაუდოდ ლარზე ერთჯერადი შეწოლის გასანეიტრალებლად. ეს იყო პირველი სავალუტო ინტერვენცია გაყიდვის მიმართულებით 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 765.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.