საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მაისში საქონლის ექსპორტის და იმპორტის წლიური ზრდის ტემპები შენელდა გასული წლის მაღალი ბაზიდან გამომდინარე. კერძოდ, ექსპორტის წლიური ზრდა 3.0%-მდე შენელდა და 538.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 20.4%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, იმპორტის წლიური ზრდის ტემპი 1.4%-მდე შენელდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.5%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად თითქმის უცვლელი დარჩა, რომელმაც 659.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 5.0%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის პირველ 5 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 19.5%-ით გაიზარდა და 3.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 18.5%-ით გაიზარდა 2.5 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა 5.9 მლრდ აშშ დოლარამდე.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2023 წლის მაისში ფულადი გზავნილები წლიურად 23.9%-ით შემცირდა წინა წლის მაღალი ბაზის გამო, თუმცა წინა თვესთან შედარებით 4.1%-ით გაიზარდა და 384.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-50.7% წ/წ, -3.0% თ/თ, მთლიანის 40.2%) და ყაზახეთიდან (-3.8%). ამასთან, გზავნილების ზრდას ადგილი ჰქონდა შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია (+20.0%), აშშ (+37.9%), საბერძნეთი (+4.8%), გერმანია (+48.5%), ისრაელი (+12.6%) და თურქეთი (+80.5%). ჯამურად, 2023 წლის პირველ 5 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 47.9%-ით გაიზარდა და 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საშუალო თვიური ხელფასი: საქსტატის მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 18.7%-ით გაიზარდა და 1,717 ლარი შეადგინა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 21.2%-იანი ზრდის შემდეგ. სექტორების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (3,761 ლარი, +23.8% წ/წ), ინფორმაცია და კომუნიკაცია (3,631 ლარი, +55.2% წ/წ), პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობა (2,387 ლარი, +21.6% წ/წ), მშენებლობა (2,146 ლარი, +14.7% წ/წ) და სახელმწიფო მმართველობა (2,078 ლარი, +22.6% წ/წ). ამასთან, 2023 წლის I კვარტალში, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება განათლების (1,009 ლარი, +12.7% წ/წ), წყალმომარაგების (1,089 ლარი, +18.8% წ/წ) და სოფლის მეურნეობის (1,259 ლარი, +35.0% წ/წ) დარგებში.