წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროდუქტს – ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვას. კვლევა მოიცავს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ამონიუმის ნიტრატის, ხორბლის, სპილენძის, ფეროსილიკონის და ოქროს გლობალური ფასების დინამიკას და საქართველოს საგარეო ვაჭრობას აღნიშნული პროდუქტებით.

2023 წლის მაისში:

ნავთობის ფასი თვიურად 0.9%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც ფასები მკვეთრად გაიზარდა 2023 წლის აპრილში, OPEC-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო.

ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. ფასების თანდათანობითი კლება სავარაუდოდ უკავშირდება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას.

ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 19.2%-ით შემცირდა. სასუქების ფასებმა შემცირება დაიწყო 2021 წლის ბოლოდან, რაც ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივი აირის ფასების კლებით.

ხორბლის ფასი თვიურად 9.1%-ით შემცირდა. კარგი მოსავლის მოლოდინების გათვალისწინებით, 2023 წელს ხორბლის საშუალოწლიური ფასის შემცირებაა მოსალოდნელი, მსოფლიო ბანკის მიხედვით.

სპილენძის ფასი თვიურად 5.0%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, სპილენძის ფასი 2023 წელს შედარებით სტაბილური იყო და ერთ ტონაზე 8,500 აშშ დოლარიდან 9,000 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

ფეროსილიკონის ფასები – ჩინური და ევროპული – შემცირდა, 3.9%-ით და 7.3%-ით, შესაბამისად. ერთი მხრივ, ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისისა და ნულოვანი COVID-ის პოლიტიკის, ხოლო მეორე მხრივ ევროპაში უარყოფითი განწყობების გამო, ფასებმა 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო შემცირება.

ოქროს ფასი თვიურად 2.1%-ით შემცირდა. გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო ითვლება ე.წ. safe-haven აქტივად. ამის გამო, აშშ/ევროპის საბანკო კრიზისის ფონზე 2023 წელს, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა.