ეკონომიკური ზრდა: 2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 0.2პპ-ით დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით და 9.7% შეადგინა. ამასთან, წინასწარი წლიური მაჩვენებლი არ შეცვლილა და საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა 2022 წელს. ეკონომიკურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი (+28.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+49.9%), ელექტროენერგიის მიწოდება (+38.9%), მშენებლობა (+14.8%), ვაჭრობა (+6.1%), დამამუშავებელი მწერველობა (+7.8%),  ხელოვნება, გართობა და დასვენება (+17.3%), სასტუმროები და რესტორნები (+16.7%) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (+22.8%). ზრდაში ყველაზე დიდი უარყოფითი კონტრიბუცია მოდიოდა უძრავი ქონების (-4.8%) და ჯანდაცვის (-5.7%) დარგებზე. ამასთან, 2022 წელს ნომინალური მშპ 19.6%-ით გაიზარდა და 71.8 მლრდ ლარი (24.6 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6,672 აშშ დოლარს გაუტოლდა 2022 წელს.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით,  მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 2016 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად შემცირდა და 1.0%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა  2023 წლის თებერვალში. ფასების შემცირებაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (-13.4% წ/წ), წყლის მიწოდება (-6.4% წ/წ) და ელექტროენერგიის მიწოდება (-1.9% წ/წ).

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში  ექსპორტი წლიურად 6.3%-ით გაიზარდა 455.9 მლნ აშშ დოლარამდე, გასული წლის მაღალი ბაზიდან (+60.3% წ/წ 2022 წლის თებერვალში). ამასთან, იმპორტი წლიურად 5.4%-ით შემცირდა და 963.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 27.3%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 13.9%-ით შემცირდა 507.9 მლნ აშშ დოლარამდე, იანვარში დაფიქსირებული 19.4%-იანი ზრდის შემდეგ. 
2023 წლის თებერვალში მანქანები (+266.4% წ/წ), სპილენძი (-16.3% წ/წ), ფეროშენადნობები (-69.8% წ/წ), ღვინო (+0.6% წ/წ) და სპირტიანი სასმელები (+30.9% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 9.3% ევროკავშირზე მოდიოდა (-43.1% წ/წ), 56.0% დსთ-ზე (+54.8% წ/წ) და 34.8% სხვა ქვეყნებზე (-16.6% წ/წ). 
2023 წლის თებერვალში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (+46.1% წ/წ), გაზი (+58.1% წ/წ), ნავთობი (-15.7% წ/წ), მედიკამენტები (+70.0% წ/წ) და სპილენძი (-74.9% წ/წ).
ჯამურად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად მხოლოდ 0.8%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 20.3%-ით გაიზარდა 914.7 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.0%-ით გაიზარდა 2.0 მლრდ აშშ დოლარამდე.