საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში  ექსპორტი წლიურად 6.2%-ით გაიზარდა 455.8 მლნ აშშ დოლარამდე, გასული წლის მაღალი ბაზიდან (+60.3% წ/წ 2022 წლის თებერვალში). ამასთან, იმპორტი წლიურად 5.5%-ით შემცირდა და 963.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 27.3%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 13.9%-ით შემცირდა 507.9 მლნ აშშ დოლარამდე, იანვარში დაფიქსირებული 19.4%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად მხოლოდ 0.8%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 20.3%-ით გაიზარდა 914.7 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.0%-ით გაიზარდა 2.0 მლრდ აშშ დოლარამდე.

ფულადი გზავნილები: 2023 წლის თებერვალში ფულადი გზავნილები წლიურად 103.0%-ით გაიზარდა და 372.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 163.5%-იანი ზრდის შემდეგ. ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+753.7%, წ/წ და -30.0% თ/თ, მთლიანის 50.3%), იტალია (+18.0%), აშშ (+44.3%), საბერძნეთი (+12.3%), ისრაელი (+16.4%) და გერმანია (+29.0%). ამასთან, ფულადი გზავნილების წლიური კლება დაფიქსირდა ყაზახეთიდან (-6.4%). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ფულადი გზავნილები წლიურად 132.0%-ით გაიზარდა და 817.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საშუალო თვიური ხელფასი: საქსტატის მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 21.2%-ით გაიზარდა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 16.5%-იანი ზრდის შემდეგ. სექტორების მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (3,673 ლარი, +61.8% წ/წ), ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (2,727 ლარი, +12.1% წ/წ), მშენებლობა (2,536 ლარი, +14.8% წ/წ), პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობა (2,455 ლარი, +15.1% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (2,243 ლარი, +18.2% წ/წ). ამასთან, 2022 წლის მე-4 კვარტალში, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება განათლების (1,006 ლარი, +9.8% წ/წ), წყალმომარაგების (1,137 ლარი, +9.1% წ/წ) და სოფლის მეურნეობის (1,179 ლარი, +3.6% წ/წ) დარგებში.