ფულადი გზავნილები: 2023 წლის მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 127.1%-ით გაიზარდა და 438.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 103.0%-იანი ზრდის შემდეგ. ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+728.0%, მთლიანის 51.0%), იტალია (+20.4%), აშშ (+40.4%), საბერძნეთი (+3.3%), ისრაელი (+10.5%), გერმანია (+55.2%), ყაზახეთი (+130.8%) და თურქეთი (22.1%). ჯამურად, 2023 წლის პირველ კვარტალში ფულადი გზავნილები წლიურად 130.3%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით,  მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 5.2%-ით შემცირდა  2023 წლის მარტში, წინა თვეში დაფიქსირებული 1.0%-იანი კლების შემდეგ. ფასების შემცირებაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: დამამუშავებელი მრეწველობა (-3.2% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (-22.5% წ/წ).

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მარტში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 32.9%-მდე დაჩქარდა და 546.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 6.3%-იანი ზრდის შემდეგ. მსგავსად ექსპორტისა, იმპორტიც მნიშვნელოვნად 33.4%-ით გაიზარდა 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 4.5%-იანი კლების შემდეგ.  შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 33.7%-ით გაიზარდა 688.3 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 12.3%-იანი კლების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის და იმპორტის ზრდის მაღალი ტემპები ძლიერ საგარეო და საშინაო მოთხოვნაზე მიუთითებს.
2023 წლის მარტში მანქანები (+683.6% წ/წ), სპილენძი (-45.7% წ/წ), სასუქები (+86.5% წ/წ), ღვინო (+74.4% წ/წ) და სპირტიანი სასმელები (+187.5% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 17.9% ევროკავშირზე მოდიოდა (+97.9% წ/წ), 59.1% დსთ-ზე (+205.7% წ/წ) და 23.0% სხვა ქვეყნებზე (-51.0% წ/წ). 
2023 წლის თებერვალში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (+82.8% წ/წ), ნავთობი (+13.4% წ/წ), გაზი (-24.2% წ/წ), მედიკამენტები (+33.0% წ/წ) და ტელეფონები (+112.0% წ/წ).
ჯამურად, 2023 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 18.2%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 21.0%-ით გაიზარდა 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე.