ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 5.8%-მდე შენელდა, წინა თვის 8.4%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია წინა წლის მაღალი ბაზიდან გამომდინარე. თებერვალში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის და ტრანსპორტის, ხოლო შემცირდა უძრავი ქონების, დამამუშავებელი მრეწველობის და პროფესიული საქმიანობის დარგებში. ჩვენი საბაზისო პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება 2023 წელს, ხოლო პოზიტიურ სცენარში ზრდა 6.9%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუ მიგრაციის ეფექტი ძლიერი დარჩება წლის ბოლომდე.
საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 2.8%-ით გაიზარდა 2023 წლის თებერვალში, წინა თვის 5.5%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 44.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელი, წინა თვის მსგავსად, თებერვალში წლიურად 13.3%-ით გაიზარდა. სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპი 10.7%-მდე დაჩქარდა (+9.9% იანვარში), ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 15.7%-მდე (+16.4% იანვარში) შენელდა; აქედან, იპოთეკური სესხების პორტფელი წლიურად 13.0%-ით გაიზარდა, წინა თვის 13.2%-იანი ზრდის შემდეგ. 2023 წლის თებერვალში სესხების დოლარიზაცია 44.4%-მდე შემცირდა (-6.54პპ წ/წ და -0.29პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.8%-ს გაუტოლდა (-0.14პპ წ/წ და უცვლელი თ/თ).
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 29.5%-ით გაიზარდა 43.6 მლრდ ლარამდე 2023 წლის თებერვალში (კურსის ეფექტის გამორიცხვით). ვალუტების მიხედვით, თებერვალში ლარის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 28.6% (+29.3% იანვარში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 30.0% შეადგინა (+29.1% იანვარში). ამასთან, თებერვალში დეპოზიტების დოლარიზაცია შემცრდა და 54.8% შეადგინა (-4.49პპ წ/წ და -0.12პპ თ/თ).
მიმდინარე ანგარიში: სებ-ის მიხედვით, 2022 წელს მიმდინარე ანგარიში დეფიციტი რეკორდულად შემცირდა და მშპ-ის 4.1% შეადგინა (10.4% იყო 2021 წელს). მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ძირითადად მომსახურების (რაც განაპირობა ტურიზმის შემოსავლების სწრაფმა აღდგენამ, რომელმაც 3.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2022 წელს და 7.7%-ით აღემატებოდა 2019 წლის დონეს) და ტრასფერტების ბალანსის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. რაც შეეხება საქონლით ვაჭრობის უარყოფით ბალანსს, ის წლიურად 35.5%-ით გაიზარდა 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან საქონლის ექსპორტი 35.8%-ით, ხოლო იმპორტი 35.7%-ით გაიზარდა. ამასთან, 2022 წელს მომსახურების და ტრანსფერტების დადებითი ბალანსი 1.1-ჯერ მეტი იყო, ვიდრე საქონლით სავაჭრო ბალანსი, ხოლო წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (რომელიც 79.6%-ით გაიზარდა 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე და მშპ-ის 6.7% შეადგინა) 1.6-ჯერ აღემატებოდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 5.4%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
მონეტარული პოლიტიკა: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11.0%-ზე დატოვა. სებ-ი თებერვალში წლიური ინფლაციის შემცირებას 8.1%-მდე ძირითადად საგარეო ფაქტორებით ხსნის და ყურადღებას ამახვილებს შრომის ბაზრიდან მომდინარე წნეხზე. კონკრეტულად, სებ-ის შეფასებით, 2022 წლის მე-4 კვარტალში სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა ჩამორჩებოდა საშუალო ხელფასების წლიური ზრდის ტემპს, რაც ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. მიუხედავად ამისა, სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა რომ ჩამოცდეს 3.0%-ია მიზნობრივ დონეს 2023 წლის მე-2 ნახევარში. თუმცა, მონეტარული პოლიტიკის შერბილება სებ-ის მხრიდან მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც ინფლაციის ადგილობრივი კომპონენტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 10 მაისს ჩატარდება.