უმუშევრობა: საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობა წლიურად 3.0პპ-ით შემცირდა და 16.1% შეადგინა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულებთა რაოდენობა წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 67.7% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 4.5% იყო, რაც მთლიანი დასაქმების 32.2%-ია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მე-4 კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.5პპ-ით გაიზარდა 52.9%-მდე და აღემატება ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ პანდემიამდელ მაჩვენებელს. 

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2023 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 163.1%-ით გაიზარდა და 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ჩვენ ვპროგნოზირებთ რომ 2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 15.0%-ით გაიზრდება და 4.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. 

მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 1.8%-ით გაიზარდა, წინა თვის 0.1%-იანი ზრდის შემდეგ, რაც ძირითადად გასული წლის დაბალი ბაზით იხსნება. ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: დამამუშავებელი მრეწველობა (+3.2% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (-9.8% წ/წ).

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში  ექსპორტი წლიურად მნიშვნელოვნად 38.5%-ით გაიზარდა და 459.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 32.5%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, იმპორტის წლიური ზრდის ტემპი 25.2%-მდე შენელდა 1.0 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 33.0%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 15.8%-ით გაიზარდა და 543.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, დეკემბრის 33.3%-იანი ზრდის შემდეგ.
2023 წლის იანვარში მანქანები (+186.6% წ/წ), სპილენძი (+2.7% წ/წ), ფეროშენადნობები (+61.8% წ/წ), სასუქები (+18.1% წ/წ) და მაღალგაბარიტიანი სატრასპორტო საშუალებები (+17.9 მლნ აშშ დოლარი წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 16.0% ევროკავშირზე მოდიოდა (-13.3% წ/წ), 60.3% დსთ-ზე (+67.8% წ/წ) და 23.6% სხვა ქვეყნებზე (+33.2% წ/წ). 
2023 წლის იანვარში ტოპ-5 იმპორტი იყო გაზი (+40.3% წ/წ), მანქანები (-11.0% წ/წ), ნავთობი (+13.2% წ/წ), სპილენძი (+2,817% წ/წ) და ტელეფონები (+16.4% წ/წ).