ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 274 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (+20.9% წ/წ მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმის შემოსავლებმა 3.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+22.4% წ/წ).  ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შესავლები 4.2 მლრდ აშშ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) გაუტოლდება.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.1%-ით გაიზარდა (+2.9 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება ძირითადად უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში 316.0 მლნ აშშ დოლარის (-61.5% წ/წ) პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში სააქციო კაპიტალი, მნიშვნელოვნად, წლიურად 151.2%-ით გაიზარდა და 590.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავალო ვალდებულებები მკვეთრად შემცირდა (-603.4 მლნ აშშ დოლარი). 

2023 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო საქმიანობა (მთლიანის 25.4%), ტრანსპორტი & დასაწყობება (მთლიანის 19.6%) და ინფორმაცია & კომუნიკაცია (მთლიანის 13.0%).

მე-3 კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აშშ (51.8 მლნ აშშ დოლარი), დიდი ბრიტანეთი (45.8 მლნ აშშ დოლარი) და ნიდერლანდები (45.3 მლნ აშშ დოლარი).

ჯამურად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1.4 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც მშპ-ის 6.3%-ია.