ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 335 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (იგივე, რაც 2022 წლის ოქტომბერში). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმის შემოსავლებმა 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+25.8% წ/წ). ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შესავლები 4.2 მლრდ აშშ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 16.7%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.9%-ით შემცირდა (-154.4 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, ოქტომბერში სებ-მა 2 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 84.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 ნოემბერს).