ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, რაც თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.8%-ით გაიზარდა. სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობის, მშენებლობის, ვაჭრობის და სასტუმროების და რესტორნების დარგებში. ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის და უძრავი ქონების დარგებში. ჩვენ ვინარჩუნებთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.8%-ის დონეზე, ხოლო 2024 წლისთვის 5.0%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ (იხილეთ სრული მაკრო პროგნოზები აქ).
ინფლაცია: 2023 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია, მცირედით, 0.8%-მდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 0.7%-ის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში 2016 წლის ნოემბრის შემდეგ სურსათის და უალკოჰოლო სასმელები ფასები პირველად შემცირდა წლიურად, რამაც თითქმის გაანეიტრალა ნავთობის ფასებიდან გაზრდილი ზეწოლა ინფლაციაზე. ამასთან, აგრეგირებულ დონეზე, ოქტომბერში იმპორტირებული და შერეული საქონლის ინფლაცია კვლავ უარყოფითი იყო და ადგილობრივად წარმოებული საქონლის ფასების კლება როგორც მოსალოდნელი იყო გაგრძელდა და 4.5% შეადგინა (+5.3% წ/წ სექტემბერში). რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებ-ლების და თამბაქოს ფასებს, წლიურად 2.1%-მდე შემცირდა, წინა თვის 2.5%-დან.
2023 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-1.2% წ/წ, -0.42პპ), ჯანდაცვა (-3.2% წ/წ, -0.33პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+6.6%, +0.45პპ) და საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+4.2%, +0.43პპ). 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.6%-იან ინფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ზრდამ ტრანსპორტის (+3.6%, +0.45პპ) კატეგორიაში.
ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წელს 2.7%, ხოლო 2024 წელს 3.5% იქნება.
ტურიზმის შემოსავლები: 2023 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 1.45 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, სებ-ის თანახმად. ტურიზმის შემოსავლებში ტოპ ქვეყნები იყვნენ: რუსეთი (285.3 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი შემოსავლების 19.7%), თურქეთი (220.5 მლნ აშშ დოლარი) და ევროკავშირი (212.0 მლნ აშშ დოლარი). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა 3.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+29.2% წ/წ). ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შესავლები 4.2 მლრდ აშშ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს.