2024 წლის თებერვალში:

ნავთობის ფასი თვიურად 2.3%-ით შემცირდა. შემცირებულმა მარაგებმა ფასი გაზარდეს, თუმცა წინა თვისგან განსხვავებით, ეს არ იყო ფასის ერთადერთი მამოძრავებელი. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე, მოსალოდნელი მოთხოვნა-მიწოდების დინამიკა და OPEC+-ის შეხვედრა თებერვლის ნავთობის ვაჭრობის განმსაზღვრელი ფაქტორები იყო.

ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 16.4%-ით შემცირდა. ევროპული გაზის ფასები ენერგო-კრიზისამდელ მაჩვენებლებამდე დაეცა. აღსანიშნავია, რომ ფასებზე უარყოფითი გავლენა როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის ფაქტორებს აქვთ და ისინი მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდებში კვლავ რელევანტური იქნებიან.

ოქროს ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა. თებერვლის პირველ ნახევარში ოქრო მიმდინარე წელს პირველად ჩამოცდა $2,000 ნიშნულს, გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორების დამსახურებით. საბანკო სექტორის რყევის შიშის დაბრუნებამ 2024 წლის მარტის პირველ დღეებში ოქრო კიდევ ერთხელ გაზარდა რეკორდულ ნიშნულამდე.

ამონიუმის ნიტრატის ფასი ერთ ტონაზე $215 შენარჩუნდა. მანამ, სანამ ბრიუსელში, მადრიდში, ვარშავასა და სხვა ქალაქებში ფერმერების გამოსვლები გრძელდება, სასუქების სამომავლო მოთხოვნის პროგნოზი ბუნდოვანია.

ხორბლის ფასი თვიურად 9.8%-ით შემცირდა. ფასების კლება მსხვილ მწარმოებლებში (ბრაზილია, რუსეთი, აშშ) პროდუქციის ზრდას უკავშირდება. მოკლე ვადაში დაბალი ფასის შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

სპილენძის ფასი თვიურად 1.2%-ით შემცირდა. სპილენძის კონცენტრატების შეზღუდული ბაზარი სპილენძის ფასზე დადებითად მოქმედებს. S&P Global-ის მიხედვით, ბაზარზე 292,000 ტონა სპილენძის დეფიციტი იქნება 2024 წელს.

ფეროსილიკონი – ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 3.9%-ით, ხოლო ჩინურის 3.7%-ით შემცირდა. სამომავლო ფასის პროგნოზი ბუნდოვანია, რადგან რკინისა და ფოლადის ინდუსტრიებში დაბრკოლებები კვლავ არსებობს.