გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი
კვლევებიკვლევითი ანგარიშები ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

მონეტარული პოლიტიკა: 2024 წლის 22 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 8.00%-მდე შეამცირა, დაბალინფლაციური გარემოს გათვალისწინებით. სებ-ის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია 2024 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივი 3.0%-ის ქვემოთ იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მის ირგვლივ დასტაბილურდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება.

უმუშევრობა: საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმი 14.0% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 68.0% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 9.9% იყო. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 3.0 პროცენტული პუნქტით 55.0%-მდე გაიზარდა 2024 წლის I კვარტალში.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 5.9%-ით გაიზარდა 2024 წლის აპრილში, წინა თვეში დაფიქსირებული 4.0%-იანი ზრდის შემდეგ. მწარმოებელთა ფასების წლიურ ზრდაზე ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ სამთომოპოვებითი მრეწველობის (+19.7%), დამამუშავებელი მრეწველობის (+4.5%), და ელექტროენერგიის მიწოდების (+9.0%) სექციებში.

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი წლიურად, მნიშვნელოვნად, 12.7%-ით შემცირდა და 437.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 4.4%-იანი კლების შემდეგ. იმპორტი წლიურად 11.3%-ით გაიზარდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 14.7%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 27.8%-ით გაიზარდა და 925.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
2024 წლის აპრილში მანქანები (-27.5% წ/წ), ღვინო (+94.1% წ/წ), სპირტი (+64.8% წ/წ), მინერალური წყალი (+11.1% წ/წ) და გაზირებული წყალი (-2.3% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 6.9% ევროკავშირზე მოდიოდა (-60.0% წ/წ), 72.6% დსთ-ზე (-2.9% წ/წ) და 20.5% სხვა ქვეყნებზე (-8.5% წ/წ). 
2024 წლის აპრილში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-33.8% წ/წ), ნავთობი (+99.9% წ/წ), მედიკამენტები (+57.7% წ/წ), გამომთვლელი მანქანები (+251.2% წ/წ) და ტელეფონები (-8.5% წ/წ). 
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-აპრილში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 7.5%-ით გაიზარდა და 3.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა და 4.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.