გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი
კვლევებიკვლევითი ანგარიშები ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშება - საქსტატმა მშპ და სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორების ისტორიული მწკრივები გადაიანგარიშა, როგორც ეს არის რეკომენდირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (IMF და Eurostat). ამ გადაანგარიშებიდან გამომდინარე, რეალური მშპ-ს ზრდა, ნომინალური მშპ და ერთ სულ მოსახლეზე მშპ ახლა უფრო მაღალია ყოველწლიურად ძველ მონაცემებთან შედარებით 2010 წლიდან 2023 წლამდე.
ამასთან, რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი ზრდის მიმართულებით გადაიხედა 7.5%-მდე 2023 წელს ძველ მწკრივში დაფიქსირებული 7.0%-დან, ხოლო რეალური მშპ-ის ზრდა საშუალოდ 9.7% იყო 2021-23 წლებში ახალი მონაცემებით წინა მონაცემებში დაფიქსირებულ 9.3%-თან შედარებით. რეალური ზრდის ტემპი კლების მიმართულებით მხოლოდ 2014 წელს შეიცვალა: 4.1% ახალი მონაცემებით vs 4.4% ძველი მონაცემებით. 
ამ გადაანგარიშებიდან გამომდინარე, ჩვენი საბაზისო სცენარით 2024 წელს ვპროგნოზირებთ  6.0%-იან ეკონომიკურ ზრდას, რაც გავზარდეთ ამ გადაანგარიშებამდე არსებული 5.4%-იანი პროგნოზიდან.

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2024 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+26.6% წ/წ მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით). 
ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+10.0% წ/წ) მიაღწევს, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტორების სრულად აღდენას პანდემიამდელ დონესთან შედარებით.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის იანვარში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 0.9%-ით შემცირდა და 4.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 3.1%-ით არის შემცირებული (-156.4 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება.