გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი
კვლევებიკვლევითი ანგარიშები თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - ივნისი 2023

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - ივნისი 2023

გაყიდული ბინების რაოდენობა 

2023 წლის ივნისში თბილისში 3,940 ბინა გაიყიდა, რაც  წლიურად 1.4% და თვიურად 8.0%-იანი ზრდაა. ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები, სადაც 1,830 ბინა გაიყიდა (+18.8% წ/წ). წინა თვის მსგავსად კლება გაგრძელდა მეორად ბაზარზე როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5.7% წ/წ და -12.8% წ/წ.

ივნისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - სამგორი (+23.6% წ/წ), დიდი დიღომი (+25.2% წ/წ) და დიდუბე (+28.0% წ/წ). ამასთან, ივნისში საბურთალოსა და ვაკეში ბინების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, წლიურად 21.6% და 27.1%-ით, შესაბამისად. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა საშუალო ზომის ბინებსა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტებში ($801 - 1,800).

 

ფასები

2023 წლის ივნისში, ფასები (აშშ დოლარში) ყველაზე მეტად გაიზარდა პირველად ბაზარზე, დეველოპერების მიერ გაყიდულ პროექტებში (+28.0% წ/წ), რაც მეორად ბაზარზე ფასების ზრდის მოლოდინებს ქმნის. ამასთან, ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა დიდუბესა (+41.0% წ/წ) და ნაძალადევში (+31.8% წ/წ).


ბაზრის ზომა

2023 წლის ივნისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 17.0%-ით გაიზარდა და 277.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს (+42.2 წ/წ) ჰქონდა.

 

ქირა

2023 წლის ივნისში, უძრავი ქონების ქირა კვლავ მაღალი დარჩა და წლიურად 43.3%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპს შემცირების ტენდენცია აქვს 2023 წლის აპრილიდან. 

 

სამშენებლო ნებართვები

სამშენებლო ნებართვები წლიურად 124.5%-ით გაიზარდა 2023 წლის 5 თვეში, რაც შესაბამისობაშია 2020 წლიდან არსებულ ზრდის ტენდენციასთან. ამ დინამიკის გაგრძელებას საშუალოვადიან პერიოდში სავარაუდოდ უძრავი ქონების ფასებსა და ქირებზე დაღმავალი ზეწოლა ექნება.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი მშენებლობის ნებართვები 2023 წლის 5 თვეში თანაბრად განაწილდა თბილისის ცენტრალურ, ფართო ცენტრსა და გარეუბნებს შორის (34%/33%/33%). ამასთან, საშუალო ნებართვის ზომა წლიურად 37.5%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს დეველოპერების პრეფერენციას უფრო დიდ საცხოვრებელ პროექტებზე. ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაცემულია საბურთალოზე, შემდეგ დიდ დიღომსა და ისანში.