გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი
მედიაბლოგი Netflix-ის აქციების ფასი 16%-ით გაიზარდა

Netflix-ის აქციების ფასი 16%-ით გაიზარდა

Netflix-ის აქციების ფასი 16%-ით გაიზარდა

აქციების ბაზრები:

აქციებმა გასული კვირა ზარალით დაასრულეს, რაც აღინიშნა Dow Jones-ის ზედიზედ მესამე, ხოლო S&P 500-ის მეოთხე დღიური ვარდნით. ეს გამოიწვია როგორც ობლიგაციების გაზრდილმა შემოსავლიანობამ, ისევე რისკმა, რომ შუა აღმოსავლეთის კონფლიქტი შეიძლება გამწვავდეს. ამასთანავე, აშშ-ში გამოქვეყნდა მოლოდინზე უფრო ძლიერი ზრდა საცალო გაყიდვებში, რამაც გააძლიერა შიში მონეტარული პოლიტიკის სამომავლო გამკაცრებაზე. მიუხედავად ამისა, ფედერალური რეზერვის წარმომადგენლები მიგვანიშნებენ, რომ საპროცენტო განაკვეთები დიდი ალბათობით აღარ გაიზრდება. კვირის განმავლობაში, Dow Jones 1.6%-ით დაეცა, S&P 500 – 2.4%-ით, ხოლო Nasdaq Composite-მა 3.2% დაკარგა.

Netflix: Netflix-ის აქციების ფასი 16%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოლოდინზე უკეთესი შემოსავალი გამოაქვეყნა. Netflix-მა 2023 წლის მესამე კვარტალში 8.76 მილიონი ახალი მომხმარებელი დაიმატა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა (ეს ყველაზე მაღალი ზრდის ნიშნულია 2020 წლის შემდეგ). ანალიტიკოსები ამ სიახლემ განსაკუთრებით გაახარა, რადგან 2022 წლის აპრილში კომპანიამ პირველად დააფიქსირა ჯამური კლება მომხმარებლების რაოდენობაში. აღსანიშნავია, რომ Morgan Stanley-მ აქციის ფასის პროგნოზი $475-მდე გაზარდა, ხოლო Truist-ის ანალიტიკოსმა მეთიუ თორნტონმა კომპანიას ყიდვის რეკომენდაცია მისცა.

Tesla: Tesla-ს აქციების ფასი 9%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოლოდინზე უარესი შედეგები გამოაქვეყნა წლის მესამე კვარტალში. 2019 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა, როცა Tesla ანალიტიკოსების პროგნოზებზე უფრო დაბალ შედეგებს აქვეყნებს როგორც შემოსავლის, ისე მოგების მხრივ. კომპანიის CEO-მ, ილონ მასკმა, ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შიშობს გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაზე, რაც საკმაოდ უარყოფით სიგნალად შეაფასეს ანალიტიკოსებმა. ამასთანავე, მასკმა Cybertruck-ზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროექტს კიდევ ერთ წელი დასჭირდება სანამ ის კომპანიას მნიშნვნელოვან შემოსავალს მოუტანს.

TSMC: Taiwan Semiconductor Manufacturing Company-მ 2023 წლის მესამე კვარტალში $6.69 მილიარდის მოგება გამოაქვეყნა, რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი კვარტალური შემცირებაა. მიუხედავად ამისა, ნიშნული მაინც ანალიტიკოსების პროგნოზე მაღალი იყო. ამასთანავე, კომპანიის შემოსავალი წლიური 10.83%-ით შემცირდა. ამ შედეგების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია შემცირებული მოთხოვნა სამომხმარებლო ტექნიკაზე. TSMC-ს CEO-მ განაცხადა, რომ ჩიპების მომხმარებლები ფრთხილობენ და ერიდებიან დიდი რაოდენობის შეკვეთების გაკეთებას, რადგან შიშობენ შესუსტებულ მაკროეკონომიკულ მდგომარეობაზე (განსაკუთრებით ჩინეთში). TSMC გაყიდვების შემცირებას შემდეგ კვარტალშიც მოელის, თუმცა კომპანიის ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები, როგორიცაა 3-ნანომეტრიანი ჩიპები, ბიზნესის შემოსავლიანობაზე დადებით გავლენას ახდენენ. AI ჩიპებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა არა იმდენად, რომ სრულად გადაწონოს შემცირებული მოთხოვნა სამომხმარებლო ტექნიკაზე. ამჟამად კომპანია ელოდება, რომ შემდეგი კვარტლის შემოსავალი $18.8 მილიარდიდან $19.6 მილიარდამდე იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს მიერ ჩინეთში ნახევარგამტარების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები TSMC-ს არ ეხება, რაც კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კვირის ETF:

ProShares Short 20+ Year Treasury (TBF) არის ETF, რომელიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს უარყოფითი პოზიცია დაიჭირონ აშშ-ს გრძელ-ვადიან სახაზინო ობლიგაციებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ ობლიგაციები გაუფასურდება ინვესტორები მოგებას ნახავენ (TBF-ის ფასი გაიზრდება). ამ ინსტუმენტის ძირითადი დანიშნულებაა საპროცენტო განაკვეთების ზრდის რისკის დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ TBF-ის ფასი მოკლე ვადაში შესაძლოა მნიშვნელოვნად მერყევი იყოს, რაც გრძელ-ვადიანი ინვესტირებისთვის შეიძლება შეუფერისი იყოს.