გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი
მედიაბლოგი Meta-ს შემოსავალი 23%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპია

Meta-ს შემოსავალი 23%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპია

Meta-ს შემოსავალი 23%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპია

ბაზარი:

S&P 500-მა გასულ კვირას 2.5% დაკარგა და კვირა 4,117 ნიშნულზე დაასრულა. ინდექსების ვარდნის მთავარი განმაპირობებელი მეგა სტოკების დაღმასვლა იყო. ასევე S&P-ს თერთმეტი სექტორიდან მხოლოდ ერთმა, კომუნალური რესურსების სექტორმა შეძლო მოგების დაფიქსირება, ხოლო ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა ენერგეტიკის და კომუნიკაციების სექტორებმა (6% და 5%, შესაბამისად).

 

სიახლეები:

Microsoft­-ის და Alphabet-ის შედეგები: Wall Street-ის ანალიტიკოსები დადებითად შეხვდნენ Microsoft-ის კვარტალურ შედეგებს, განსაკუთრებით კი Azure cloud-ის მიმართულებას და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ Microsoft Copilot-ს. ამის შედეგად კომპანიის აქციების ფასი ოთხშაბათს დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. კომპანიამ გამოაქვეყნა მოლოდინზე მაღალი როგორც მოგება თითო აქციაზე ($2.99 ნაცვლად $2.65 პროგნოზისა) ისევე შემოსავალი ($56.52 მილიარდი ნაცვლად $54.50 მილიარდის პროგნოზისა). შედეგად, Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა, ბრედ ზელნიკმა კომპანიის აქციის ფასის პროგნოზი $380-დან $395-მდე გაზარდა.

იმავე დღეს გამოაქვეყნა შედეგები Alphabet-მაც, თუმცა კომპანიის აქციებზე ამან უარყოფითი გავლენა იქონია. აქციები ოთხშაბათს 9.5%-ით დაეცა, რაც პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ვარდნაა. ამის მიზეზი კი იყო ანალიტიკოსების უკმაყოფილება Google Cloud-ის მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო კვარტალში პროგნოზებზე დაბალი ტემპით გაიზარდა.

Meta-ს შედეგები: Meta-მ მოლოდინზე უკეთესი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა მესამე კვარტალში. კომპანიის შემოსავალი 23%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპია. მოგება თითო აქციაზე $4.39 იყო (ნაცვლად $3.63 პროგნოზისა), ხოლო შემოსავალი $34.15 მილიარდი (ნაცვლად $33.56 პროგნოზისა). ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ციფრული რეკლამირების მიმართულება იყო, რომელსაც 2022 წელს პრობლემები შეექმნა. მიუხედავად წარმატებული კვარტალისა, კომპანიის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 3.9%-ით დაეცა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კომპანიის მთავარმა ფინანსისტმა ისაუბრა რეკლამერების მიმართულების შემოსავლის შესაძლო შესუსტებაზე.

Amazon-ის შედეგები: Amazon-მა ძლიერი შედეგები გამოაქვეყნა მესამე კვარტალში და გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, როგორც მოგების ისევე შემოსავლის მხრივ. მოგება თითო აქციაზე $0.94 იყო (ნაცვლად $0.58 პროგნოზისა), ხოლო შემოსავალი $143.1 მილიარდი (ნაცვლად $141.4 მილიარდი პროგნოზისა). გაყიდვები Amazon-ის ელექტრონული კომერციის სეგმენტში წინა წლიდან 7%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის ჯამური მოგება იმავე პერიოდში გასამმაგდა და $9.9 მილიარდს მიაღწია. ამასთანავე, ციფრული რეკლამირების მიმართულება წინა წლიდან 26%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ Amazon-ის AWS-მა Cloud­-ის ბაზარში კონკურენტებზე დაბალი ზრდა დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, კომპანიის CEO-მ განაცხადა, რომ ამ მიმართულების მომავალზე ოპტიმისტურადაა განწყობილი. კომპანიის აქციების ფასი პარასკევს თითქმის 7%-ით გაიზარდა.

 

კვირის ETF:

XLU არის ETF, რომელიც შედგება კომუნალური რესურსების სექტორის კომპანიებისგან. ეს კომპანიები ოპერირებენ ისეთ დარგებში, როგორებიცაა ელექტრო ენერგიის, გაზის, და წყლის მოპოვება და დისტრიბუცია. XLU ინვესტორებს საშუალებას აძლევს დააბანდონ კაპიტალი თავდაცვით სექტორში, რომელიც დაბალი ფასის მერყეობით და სტაბილური დივიდენდებით გამოირჩევა.