აშშ-ს აქციების ბაზრის შედეგები 2023 წელს
- Dow Jones Industrial Average: +12.6%
- S&P 500: +23.4%
- Nasdaq Composite: +42.6%
მთავარი ინდექსების ზრდა წელს რამდენიმე ურთიერთდამოკიდებულმა ფაქტორმა გამოიწვია. მთავარი მიზეზი იყო ინფლაციის შემცირება, რამაც გააუმჯობესა ინვესტორთა სენტიმენტი. ამის შედეგად, აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა შეწყვიტა განაკვეთების ზრდა და ბაზარს მისცა სიგნალი, რომ სამომავლოდ ნაკლებად მკაცრი პოლიტიკის წარმოებას აპირებს. ამ ტიპის პოლიტიკა მიზნად ისახავს დააბალანსოს ინფლაციასთან ბრძოლა და ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება.
„შესანიშნავი შვიდეული“:
2023 წელს S&P 500-ის ყველაზე მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ძლიერი ზრდა დააფიქსირეს. ამ კომპანიების აქციებმა შემდეგი შედეგები დადეს წლის დასაწყისიდან:
- Nvidia (NVDA): +240%
- Meta (META): +168%
- Tesla (TSLA): +135%
- Amazon (AMZN): +75%
- Apple (AAPL): +58%
- Microsoft (MSFT): +55%
- Alphabet (GOOGL): +49%
„შესანიშნავი შვიდეულის“ აქციების ზრდის მთავარი კატალიზატორი ხელოვნური ინტელექტის განვითარება იყო. NVIDIA, რომლის აქციებმაც ჯგუფიდან საუკეთესო შედეგი დადეს, აწარმოებს GPU-ებს, რასაც კრიტიკული როლი აქვს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შექმნაში. ამან და ისეთმა ინოვაციურმა პროდუქტებმა, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT და Google-ის Bard, გამოიწვია ზემოთხსენებული კომპანიების აქციების ძლიერი ზრდა. დღეს ანალიტიკოსები ამ კომპანიებზე პროგნოზირებენ შემოსავლების და მომგებიანობის მნიშვნელოვან ზრდას.
გაზრდილი რისკის აპეტიტი:
2023 წელს აშშ-ს აქციების ბაზრებზე ინვესტორებმა გაზარდეს ინვესტიციები სარისკო აქტივებში, მათ შორის ციკლურ ინდუსტრიებში და მცირე ზომის კომპანიებში. წლის დასაწყისში საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს ციკლურმა სექტორებმა, როგორებიცაა ტექნოლოგიები (ETF: XLK, +55% წლის დას.), კომუნიკაციები (ETF: XLC, +46% წლის დას.) და სამომხმარებლო ციკლური სექტორი (ETF: XLY, +40%), წლის ბოლოს კი ყველაზე მეტად მცირე ზომის აქციები გაიზარდა, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციაც $300 მილიონიდან $2 მილიარდამდე მერყეობს. მაგალითისთვის, ETF-ი IWM, რომელიც მცირე ზომის აქციების ინდექსს, Russell 2000-ს მიჰყვება, 20%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მინიმუმს მიაღწია 2023 წლის 27 ოქტომბერს.