ტურიზმი: 2022 წლის ივლისში ტურიზმის აღდგენა მნიშვნელოვნად დაჩქარდა და ტურისტების რიცხვმა 2019 წლის დონის 80.6%-ს მიაღწია. ამასთან, ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენაც საკმაოდ დაჩქარდა ივლისში, რომელმაც 2019 წლის ივლისის 44.3% შეადგინა, რაც 11.0 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. ამრიგად, 2022 წლის ივლისში 597.9 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+158.9% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში. ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (26.2% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება სომხეთი (17.4% წილი) და თურქეთი (16.1% წილი). ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (68.6%-იანი წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (30.4%-იანი წილი). 

ამასთან, ივლისში ტურიზმიდან რეკორდული შემოსავლები შემოვიდა და 476.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.4%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. ჯამურად, 2022 წლის პირველ 7 თვეში, საქართველოს 1.7 მილიონი ტურისტი ეწვია (+162.5% წ/წ, 2019 წლის პირველი 7 თვის 61.9%) და ტურიზმის შემოსავლებმა 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+220.5% წ/წ, 2019 წლის პირველი 7 თვის 87.4%). ბოლო თვეების დინამიკის გათვალსიწინებით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების სრულად აღდგენაა მოსალოდნელი 2019 წლის დონესთან მიმართებით.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2022 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 7.3%-ით გაიზარდა და 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთა, წინა თვესთან შედარებით რეზერვების ზრდამ 6.0% (+234.3 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. სებ-მა Bmatch-ის პლატფორმის საშუალებით 110 მლნ აშშ დოლარი შეიძინა ივლისში. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, და/ან აქტივების გადაფასებას.

სავალუტო ინტერვენციები: 2022 წლის 10 აგვისტოს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 211.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ამავე პერიოდში ლარი აშშ დოლარის მიმართ 12.3%-ით არის გამყარებული.