ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მარტში რეალური მშპ 9.0%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 7.7%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.3%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, პროფესიული და სამეცნიერო, საფინანსო და სადაზღვევო, ტრანსპორტის და მშენებლობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მხოლოდ დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).

ინფლაცია: 2025 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 3.4%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 3.5%-ის შემდეგ. აპრილის ინფლაცია ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის წლიურმა 4.7%-იანმა ზრდამ (+4.0% წ/წ წინა თვეში), რომელსაც მოჰყვება შერეული საქონლის ფასების წლიური 5.0%-იანი ზრდა (+5.7% წ/წ წინა თვეში). ამასთან, აპრილში იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 1.0%-ით შემცირდა, წინა თვეში არსებული 0.2%-იანი ზრდიდან. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2025 წლის აპრილში წლიურად 2.3%-ით გაიზარდა (+2.4% წ/წ წინა თვეში).
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის აპრილში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+7.0% წ/წ, +2.43პპ), ჯანდაცვა (+9.2% წ/წ, +0.77პპ), განათლება (+4.9% წ/წ, +0.25პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.3%, +0.22პპ) და სასტუმროები და რესტორნები (+6.1%, +0.20პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.7% წ/წ, -0.15პპ), ტრანსპორტი (-2.2% წ/წ, -0.27პპ) და კავშირგაბმულობა (-12.4% წ/წ, -0.46პპ).
ამასთან, თვიურ ჭრილში 2025 წლის აპრილში 0.2%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რომელიც ძირითადად სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (+0.4% თ/თ, +0.18პპ) ჯგუფში ფასების ზრდამ განაპირობა.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი.