ვიზიტორების დინამიკა: 2025 წლის I კვარტალში საქართველოს 1.2 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წლიურად 1.3%-იანი ზრდაა. ვიზიტორების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. 2025 წლის I კვარტალში ტურისტების რაოდენობამ 1.0 მლნ (+2.2% წ/წ) შეადგინა, ხოლო ერთდღიანმა ვიზიტორებმა 0.2 მლნ (-2.4% წ/წ).
ჯამურად, 2025 წლის I კვარტალში ვიზიტორების ზრდა ძირითადად აზერბაიჯანიდან და აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის, ისრაელიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან, როგორებიცაა თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და ევროკავშირი.
გალტ & თაგარტის საბაზისო პროგნოზით, 2025 წელს 5.3 მლნ ტურისტი ეწვევა საქართველოს, რაც ძირითადად აზიური ბაზრებიდან მზარდი ნაკადებით იქნება განპირობებული. ამასთან, ტურიზმისთვის პოზიტიური ფაქტორი იქნება აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შესაძლო გახსნა.