განახლებადი ენერგიის აუთვისებელი პოტენციალი
თუ საქართველო სრულად გამოიყენებს საკუთარ ჰიდროენერგეტიკულ რესურსებს, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა წელიწადში 32 TWh ჰიდროენერგიის წარმოების — რაც ამჟამინდელ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. დამატებითი სიმძლავრეების გამოყენება ქვეყანას საშუალებას მისცემს 2020 წლისთვის 6.3 TWh ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს. შედეგად, საქართველო გახდება ენერგო-თვითმარაგებელი, შეძლებს პიკის დროს ძვირადღირებული იმპორტის ჩანაცვლებას ჰიდროენერგიით და შეამცირებს ძვირადღირებული თერმული ენერგიის წილს შიდა მოხმარებაში.

საქართველო რეგიონში ყველაზე იაფ ენერგიას აწარმოებს
საქართველოში ჰიდროენერგიის გენერაციის ტარიფი რეგიონში ყველაზე დაბალია — დაახლოებით 0.02 აშშ დოლარი/კილოვატსაათზე. ეს მაჩვენებელი გაცილებით მომგებიანია, ვიდრე აზერბაიჯანის თბოელექტროსადგურების ტარიფი (0.03 აშშ დოლარი/კილოვატსაათზე), მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი სარგებლობს გაზის სუბსიდირებული ფასებით. თურქეთსა და სომხეთში ენერგიის გამომუშავების ხარჯები კიდევ უფრო მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სიმძლავრეების მშენებლობა ყველა ქვეყანაში ხარჯების ზრდას გამოიწვევს, მიგვაჩნია, რომ საქართველო კონკურენტუნარიანი დარჩება — მხოლოდ აზერბაიჯანის გარკვეულ მწარმოებლებს ექნებათ შესაძლებლობა იფუნქციონირონ უფრო დაბალ ფასად, თუ ქვეყანა გაზის სუბსიდირებას განაგრძობს.

მძლავრი საექსპორტო პოტენციალი
საქართველო 2015 წლისთვის ექსპორტის მოცულობას 1.7-ჯერ, ხოლო 2020 წლისთვის 6.7-ჯერ გაზრდის. თურქეთის მაღალი ელექტროენერგიის ტარიფები, მისი სიახლოვე საქართველოსთან და საქართველოს დაბალი ჰიდროენერგიის წარმოების ხარჯები ქმნის ძლიერ საფუძველს ექსპორტის ზრდისთვის. თურქეთში ელექტროენერგიის მოხმარება წელიწადში საშუალოდ 7%-ით იზრდება და 2020 წლისთვის სავარაუდო დეფიციტი 118 TWh-ს მიაღწევს. ეს კარგად შეესაბამება საქართველოს გამომუშავების ზრდის პროგნოზს, რაც იმ დროისთვის 6.3 TWh ჭარბი ენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. 2011 წელს თურქეთში საბითუმო ელექტროენერგიის საშუალო ტარიფი 0.08 აშშ დოლარი/კილოვატსაათზე იყო — რაც უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში ახლადაშენებული ჰიდროსადგურების გამომუშავების ღირებულება (დაახლოებით 0.06 აშშ დოლარი/კილოვატსაათზე). პერსპექტიულად გამოიყურება აგრეთვე ექსპორტის ზრდა საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში და ევროკავშირში.

მზიდველი რეგულაციები ამცირებს ინვესტიციების რისკებს
ახალად აშენებული ჰიდროსადგურები ინვესტორების საკუთრებაში დარჩება Build-Operate-Own (აშენე-ამუშაო-ფლობ) სისტემით. გარდა ამისა, 13 მეგავატზე ნაკლები სიმძლავრის ჰიდროსადგურებს უფლება ექნებათ ოპერირება განახორციელონ ან ენერგია ექსპორტზე გაიტანონ ლიცენზიის გარეშე, პირდაპირ მიჰყიდონ მომხმარებლებს და თავად განსაზღვრონ ტარიფები. ამჟამად საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 55% კერძო საკუთრებაშია, დანარჩენი 45% კი ეკუთვნის ორ სადგურს, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რის გამოც მათი პრივატიზაცია შეუძლებელია.